Accessibility links

site logo site logo

აქუბარდია 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შესახებ: სესიისგან განსხვავებით, გომელაური კომისიაზე კითხვებს ვერ გაექცევა


თეონა აქუბარდია, დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარის თქმის უფლება ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, მათ შორის არც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ექნება:

„თუ გომელაური გაექცა კითხვებზე პასუხებს სასესიო დარბაზიდან, ის ამას ვერ შეძლებს საგამოძიებო კომისიის შემთხვევაში“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, ბერკეტი და მექანიზმი იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიება მოხდეს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად და დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ შორის, მაგალითად, მინისტრის იმპიჩმენტის საკითხიც.

5-6 ივლისის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე საუბრისას თეონა აქუბარდიამ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დრობითი კომისიის საქმიანობაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ კომისიამ თავისი ფუნქცია პრაქტიკულად შეასრულა:

„სარალიძის საქმეზე, წინა მოწვევის პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დადგენილების მიღება ვერ მოხერხდა, ეს იყო პროცესი, როდესაც ყველამ დავინახეთ, ამ საქმეში რა იყო გადაცდომები და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ეს იყო ოჯახის ინტერესებში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით, კონსულტაციები 5-6 ივლისის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლებთან არ გამართულა, თუმცა მათთვის ცნობილი იყო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივის დარეგისტრირებას აპირებდნენ. თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმრავლესობის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს;

„მე ვფიქრობ, რომ ინტერესი უნდა იყოს მთლიანად ქვეყნისთვის, რომ საგამოძიებო კომისია შედგეს ამ საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხები არ არის“, - აღნიშნავს თეონა აქუბარდია. იგი ამბობს, რომ კომისია საჭიროა არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენების გამოსაძიებლად, არამედ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად:

„საფრთხე განმეორებითი ძალადობის არ გამქრალა, ორგანიზატორები არიან თავისუფლები და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზატორების უკან მდგომი ძალა, მათი დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით ღიად იყო მოსაზრებები გაჟღერებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კრემლი. და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისთვისაც მთავარია ქვეყნის დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გზა, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. და არა მხოლოდ ეს, არამედ ისიც, რატომ იყო უმოქმედო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ შემთხვევაში და რატომ ვერ შეძლეს პრევენცია ორგანიზებული ძალადობის. ამაზე უნდა იქნას პასუხები გაცემული და პასუხისმგებლობაც შესაბამისად დაკისრებული გამოძიების დასრულების შემდგომ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” 22 ივლისს პარლამენტში დაარეგისტრირა დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს 5-6 ივლისს თბილისში განვითრებულ მოვლენებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ „ღირსების მარში“ გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG