Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი 5-6 ივლისის მოვლენებზე: ყველა მოძალადე არის დასჯილი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რაღაც ჩხუბი“ უწოდა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და განაცხადა, რომ სახელმწიფომ მომხდარი აღკვეთა, მოძალადეები კი დასჯილები არიან:

„ყველა მოძალადე არის დასჯილი, ყველა მოძალადე არის დაჭერილი... სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. აი, ეს არის მთავარი“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე, რატომ არ არიან დაკავებულები ძალადობის ორგანიზატორები.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ „ღირსების მარში“ გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 24 პირი;
  • "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

დაკავებულთა შორის არ არიან ძალადობის განმახორციელებელი ჯგუფების ხელმძღვანელები, ძალადობის ორგანიზატორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG