Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე: თუკი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ათვისებას შევძლებთ, მოხდება ეპიდემიის შეკავება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი საქართველოს მოსახლეობა სექტემბრისთვის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ათვისებას შეძლებს, მოხდება ეპიდემიის შეკავება და ქვეყანაში აღარ იქნება მეოთხე ტალღა. ამის შესახებ განცხადება მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც რამდენიმე საათის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოში ჩამოიტანეს აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის" ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა.

„მილიონ ნახევარი კიდევ სხვა ვაქცინაა ქვეყანაში, რომელსაც ასევე, კარგი დამცველობითი უნარი აქვს ყველაზე მძიმე გართულებებისგან, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, სიკვდილიანობა. ამიტომ, უკვე სამნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი იქნება ქვეყანაში, მომავალი ორი თვის განმავლობაში. ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე - აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს და ყველა თქვენს მეგობარს. ასე რომ, არ გაავრცელებთ ინფექციას“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ვაქცინის ჩამოტანას აეროპორტში დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ამერიკის მთავრობის და პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის" 500 000 დოზა საჩუქრად რამდენიმე კვირის წინ გადასცეს.

„ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისიდან გაიხსნება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო. 13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG