საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ევროპისა და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ქართველი მსუბუქწონოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს ორი ვაზარით მოუგო, ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან, „ოქროს დროშის“ წაგებით.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ჩხვიმიანი სამხრეთკორეელ ჯილ ვონ კიმს დაუპირისპირდება და, წარმატების შემთხვევაში, საპრიზო სამეულამდე ერთი შეხვედრა დარჩება მოსაგები.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე სულ ოცდასამი ძიუდოისტი გავიდა, მათ შორის რუსეთის ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე, ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუა და ლუკა მხეიძე საფრანგეთიდან. მათგან უკეთესად მხეიძემ იჭიდავა - ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალშია, სადაც ტაიპეელ იუნგ ვეი იანგს დაეჭიდება.