Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარის არჩევას პარლამენტი 26 ივლისს მესამედ შეეცდება


გიორგი სატურიანი (მარცხნივ) და გიორგი კალანდარიშვილი (მარჯვნივ)
გიორგი სატურიანი (მარცხნივ) და გიორგი კალანდარიშვილი (მარჯვნივ)

ორი უშედეგო კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცება.

მცდელობა გრძელდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ცესკოს თავმჯდომარე ამჯერად ვეღარ დამტკიცდება 5 წლის ვადით.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ცესკოში ამჟამადაც მაღალ პოსტებზე მუშაობენ და ესენი არიან:

  • გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი;
  • გიორგი სანტურიანი - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

პრეზიდენტს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შეურჩია. თუმცა არასამთავრობო სექტორი შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

18 ივლისს პლენარულ სხდომაზე, ორი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა 100 ხმა, რაც, „შარლ მიშელის შეთანხმების“ საფუძველზე, საჭირო იყო ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 5-წლიანი მუშაობის უფლების მოსაპოვებლად.

  • 18 ივლისის კენჭისყრის შედეგებით, გიორგი კალანდარიშვილმა - 82 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა (8 - წინააღმდეგი); ხოლო გიორგი სანტურიანს - 2 მომხრე დეპუტატი გამოუჩნდა (10 - წინააღმდეგი).
  • მეორე მცდელობა იყო 22 ივლისს. რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი - 83 მომხრე (11- წინააღმდეგი); გიორგი სანტურიანი - 4 მომხრე (11 - წინააღმდეგი).

პროცესს თავიდანვე გამოეთიშა საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი და მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“. მათთვის მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარედ ამავე ორგანიზაციაში მაღალ პოსტებზე მომუშავე ორივე კანდიდატი.

თავმჯდომარეობა 6 თვით

„შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით, ახლახან განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე პოსტს 5 წლით დაიკავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (მინიმუმ 100 დეპუტატი).

100 დეპუტატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ანუ ცესკოს თავმჯდომარის 5-წლიანი ვადით დასამტკიცებლად, პარლამენტს მხოლოდ ორი მცდელობის უფლება ჰქონდა. ორივე ეს შანსი უკვე გამოყენებულია და ახლა უკვე კანდიდატები მუშაობის დროებითი, 6-თვიანი უფლებისთვის იბრძოლებენ.

კენჭისყრის მესამე ჯერზე დეპუტატებმა ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცება 3/5-იანი უმრავლესობით უნდა სცადონ, რისთვისაც სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

წინასწარი პროგნოზებით, უშედეგოდ დასრულდება 26 ივლისის კენჭისყრაც, რადგან „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არც ამ შემთხვევაში შეუძლია. საპარლამენტო უმრავლესობა ამჟამად მხოლოდ 84 დეპუტატს ითვლის.

ამასთან, პირველი ორი კენჭისყრის დროს, დაწინაურებულმა კანდიდატმა - გიორგი კალანდარიშვილმა მაქსიმუმ 83 ხმა მიიღო.

ცესკოს თავმჯდომარის 3/5-იანი მხარდაჭერით დასამტკიცებლად პარლამენტს მხოლოდ ერთი მცდელობა აქვს. ამის შემდეგ, ყოველ მომდევნო მცდელობას „ხმების უბრალო უმრავლესობა“ სჭირდება.

„შარლ მიშელის შეთანხმებაში“ წერია შემდეგი:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება.
  • მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება.
  • შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება.
  • ამ ექვს თვეში კი, დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, 6-თვიანი თავმჯდომარეობის უფლებას საბოლოოდ გიორგი კალანდარიშვილი მოიპოვებს და, სავარაუდოდ, სწორედ ის ჩაატარებს 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც თამარ ჟვანიამ თანამდებობა, ბევრისთვის მოულოდნელად, 30 ივნისს დატოვა.

პარლამენტმა იმავე პრინციპით უნდა დაამტკიცოს ცესკოს წევრობის ორი კანდიდატი, რომელთა არჩევაც პირველი ორი კენჭისყრით ასევე ვერ მოხერხდა. დეპუტატების მხარდაჭერის მიხედვით ამჟამად ლიდერობენ: გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG