Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა დედის გარდაცვალების გამო სასტიკად სცემეს ჯანდაცვის მინისტრს


ჯამოლლიდინ აბდულოზოდა
ჯამოლლიდინ აბდულოზოდა

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის დისშვილებმა სასტიკად სცემეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ჯამოლიდდინ აბდულოზოდას, რომელმაც, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ყბის ძლიერი ტრავმა მიიღო, ხოლო სამედიცინო ცენტრის უფროსს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის და, 64 წლის კურბონბი რახმონოვა გარდაიცვალა, ძლიერი ტრავმა აქვს მიყენებული თავის არეში.


ინციდენტი 20 ივლისის საღამოს მოხდა. წყაროს ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კურბონბი რახმონოვა მკურნალობის კურსს გადიოდა ქვეყნის პრეზიდენტის აპარატთან არსებულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ემომალი რახმონის დისთვის სპეციალურად მიიწვიეს სპეციალისტები გერმანიიდან, რუსეთიდან და უზბეკეთიდან, რომლებმაც კურბონბი რახმონოვას სიკვდილის მიზეზად დაასახელეს ადგილობრივი ექიმების არასწორი მკურნალობა.



„ამ დასკვნამ გააცოფა კურბონბი რახმონოვას შვილები: ფარხიდდინი, ფერუხი და ზიედალი საფაროვები, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მიცვიდნენ ექიმებს და იქ მყოფ ჯანდაცვის სფეროს მესვეურებს. პრეზიდენტის დისშვილების დაწყნარება მხოლოდ პრეზიდენტის შვილმა, რუსტამ ემომალიმ შეძლო“, - იუწყება რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური.


ნაცემი ჯანდაცვის მინისტრი, ჯამოლიდდინ აბდულოზოდა, აშშ-ის მიერ 1,5 მილიონი „მოდერნას“ ვაქცინის მიღებასა და ამასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციას არ ესწრებოდა. მისმა მოადგილემ, შოდიხონ ჯამშედმა მინისტრის არყოფნის მიზეზად ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის საზღვარგარეთ მივლინება დაასახელა. მინისტრის ცემის შესახებ ცნობას კი „ჭორი“ უწოდა.

ცნობის გადასამოწმებლად ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შემოწმება, მაგრამ, როგორც წყარომ აცნობა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს, ჯერჯერობით უწყებას არავინ დაუკავებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG