Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა


ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე.

კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა სთხოვა.

შეუძლებელია აკრძალული ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება მანამ, სანამ თავად ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები და აღსრულების მექანიზმები, - განაცხადა მან.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ამ ეტაპზე განიხილავს არგენტინას, ბელარუსს, ბრაზილიას, ინდოეთს, მექსიკას, რუსეთს, ესპანეთს, სამხრეთ აფრიკასა და უზბეკეთს. გასულ პარასკევს ამ სიაში შეიყვანა ასევე ესპანეთი და ყირგიზეთიც.

სპეციალური სამთავრობო ნებართვის გარეშე ისრაელის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს ამ ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალებათ.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ „წითელი“ ქვეყნების სიაში უნდა გადასულყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.

ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ უცხოეთიდან სამშობლოში დაბრულებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდა, მათ უმრავლესობას საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG