Accessibility links

site logo site logo

ვატიკანში პირველად ასამართლებენ კარდინალს ფინანსური მაქინაციებისთვის


კარდინალი ბეჩუ მედიასთან შეხვედრისას რომში, 2020 წლის სექტემბერი

ვატიკანში დაიწყო კათოლიკური ეკლესიის კარდინალის სასამართლო პროცესი.

ჯოვანი ანჯელო ბეჩუს ბრალად ედება საფინანსო მაქინაციები ლონდონში უძრავი ქონების შესყიდვისას.

ვატიკანის მუზეუმების ადმინისტრაციულ შენობებში, სასამართლო სხდომისთვის საგანგებოდ აღჭურვილი დარბაზია გამოყოფილი. ბეჩუს გარდა, ბრალდებულთა სკამზე კიდევ ცხრა ადამიანი ზის, რომელთა შორისაა კარდინალის ყოფილი მდივანი, ვატიკანის საფინანსო ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელები, ბანკირები და ფინანსისტები. მათ ადანაშაულებენ გაფლანგვაში, კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში.

ვატიკანის ფინანსური ოპერაციების გარშემო სკანდალი, რომელიც საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენასთან იყო დაკავშირებული, 2019 წელს ატყდა. მაშინ ვატიკანელმა გამომძიებლებმა სახელმწიფო სამდივნოსა და საფინანსო ინფორმაციის სამსახურების დოკუმენტები შეამოწმეს.

გამოძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ ბეჩუ და მისი თანამშრომლები გარეული არიან ელიტური უძრავი ქონების შეძენის საქმეში, მათ შორის, კათოლიკეების შემოწირულებების ხარჯზე მთელი მსოფლიოდან. მთლიანობაში, გამოძიების მონაცემებით, დახარჯული იყო 73-დან 166 მილიონ ევრომდე.

სკანდალის ფონზე, ბეჩუ გადადგა და უარი თქვა კარდინალის წოდებასთან დაკავშირებულ უფლებებზე.

ამასთანავე, მან ბრალდებები უარყო.

მედიის მონაცემებით, რომის პაპმა, ფრანცისკემ, სკანდალის შემდეგ, გამოძიების გაგრძელება გადაწყვიტა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბეჩუ, ვატიკანის დაარსების მომენტიდან, პირველი კარდინალია, რომლის საქმესაც საკასაციო სასამართლო კი არ განიხილავს სხვა კარდინალის თავმჯდომარეობით, არამედ უფრო მკაცრი, ვატიკანის ტრიბუნალი.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან ფინანსური მაქინაციების შესახებ ცნობების ფონზე, ვატიკანმა პირველად გახსნა მონაცემები თავისი უძრავი ქონების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ეკლესიას ეკუთვნის ხუთი ათასზე მეტი ობიექტი, ამათგან დაახლოებით ოთხი ათასი იტალიაში, დანარჩენი კი - საზღვარგარეთ. სიაში არ შედის ვატიკანის დიპლომატიური მისიის შენობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG