Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში 21%-ით გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 3 807 939 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.

კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 69 132 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი მკვეთრად, 21%-ითაა გაზრდილი. ბოლო კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში(+30%) და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში(+29%).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითვე, ბოლო კვირის განმავლობაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ამერიკაში(+30%), წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში(+25%) და ევროპაში(+3%). დანარჩენ რეგიონებში წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო.

რაც შეეხება ბოლო ერთი კვირის მონაცემებს, შვიდ დღეში ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში(1 260 598). მეორე ადგილზე ევროპაა (1 010 270) და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია(775 618).

WHO-ს მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის დელტა, ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა კიდევ 8 ქვეყანაში. სულ ასეთი ქვეყნების რიცხვი 132-ია.

პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 196 მილიონს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 მილიონზე მეტი ადამიანი. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 180 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების თითქმის 4 მილიარდი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG