Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა და წვიმამ კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა


ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა და გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტებში.

ლაგოდეხის ვიცე-მერის, იოსებ ვარდიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში, რუსთაველის ქუჩაზე მოგლიჯა ნაძვის და კაკლის მრავალწლოვანი ხეები. მათი დაცემის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის ავტომანქანა.

ძლიერი ქარის შედეგად მრავალწლოვანი ხეები წაიქცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურშიც. ელექტროსადენების დაზიანების გამო, სოფლის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. წვიმის შედეგად, ქალაქ თელავში დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლების ნაწილის ეზოები. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზების გასაწმენდად და ენერგომომარაგების აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

27 ივლისს, ძლიერმა წვიმამ სერიოზულად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით სამეგრელო-ზემო სვანეთი.

XS
SM
MD
LG