Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: რაში ჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ძალადობა, ქაოსი?!


თბილისის მერის, კახა კალაძისთვის, რომელიც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მეორე ვადით იყრის, არალოგიკურია მცდელობა, მის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირონ დედაქალაქის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა.

„სულ მცირე, რა თქმა უნდა, ლოგიკა არის საჭირო და პირდაპირ ვიტყვი - რაში ჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ძალადობა, ქაოსი?! მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა“, - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

რაც შეეხება თავად პლაკატების გაკვრის ფაქტს, მერის თქმით, სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის უფლება აქვს ყველას და ამის ბევრი ფორმა და საშუალება არსებობს, თბილისის ქუჩები და შენობები კი, ქალაქის სახეს ქმნის და მისი დამახინჯება კანონდარღვევაა. კალაძის განცხადებით, პოლიტიკური კუთვნილების თუ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მერიას ქალაქის დამახინჯების ყველა შემთხვევაზე რეაგირება ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება.

თბილისის მერმა დღეს ისიც თქვა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატებს ცილისწამება, შეურაცხყოფა, აგრესია და ძალადობა და მხარდამჭერებსა და მერიის თანამშრომლებს მიმართა, ამ ყველაფერს აგრესიით და ძალადობით არ უპასუხონ.

თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები აგრესიაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ. თბილისის ქუჩებში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრაზე საუბრისას, ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „სიძულვილი, აგრესია და ზიზღი, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის და მერობის კანდიდატ კალაძის ერთადერთი შეთავაზებაა“.

თბილისის ქუჩებში 24 ივლისს გამოჩნდა პლაკატები, წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" და ტელეკომპანიების, "მთავარი არხის", "პირველისა" და "ფორმულის" წარმომადგენელთა ფოტოებით.

XS
SM
MD
LG