Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Jobs.ge-მ "ალტ-ინფოს" ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა


ინტერნეტპლატფორმა Jobs.ge-მ, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების შესახებ, უარი თქვა გამოექვეყნებინა "ალტ-ინფოს" ვაკანსია. ამის შესახებ Jobs.ge-ს დამფუძნებელი ლექსო ხუბულავა საკუთარ ფეისბუკზე წერს. მან ასევე გამოაქვეყნა პასუხი, რომელიც "ალტ-ინფოს" ვაკანსიის გამოქვეყნებაზე მისწერა. ხუბულავა ამბობს, რომ უარის თქმის მიზეზი "ალტ-ინფოს" ძალადობრივი პოლიტიკაა.

„გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას უმცირესობების წინააღმდეგ და არღვევენ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლექსო ხუბულავა ამბობს, რომ ადრე პრორუსული ორიენტაციის გამო ევრაზიის ინსტიტუტსაც უთხრა უარი ვაკანსიის განთავსებაზე.

„ალტ-ინფოს ჟურნალისტის პოზიციაზე სურდა ვაკანსიის გამოცხადება. მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც კლიენტს მომსახურებაზე უარი უნდა უთხრა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს და არ მაქვს სურვილი, პლატფორმა მივცე მას იმისთვის, რომ დაიქირაონ თანამშრომლები და განავრცონ საქმიანობა“, - ამბობს ლექსი ხუბულავა.

"ალტ-ინფოს" გამგეობის წევრი და წამყვანი ზურაბ მახარაძე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მან განაცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

"ალტ-ინფოს" ჯგუფის წევრები ძირითადად სოციალური მედიების პლატფორმას იყენებენ მაუწყებლობით. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ISFED კვლევის მიხედვით, "ალტ-ინფო" აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და ფეისბუკგვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს.

"ალტ-ინფოს" წარმომადგენლები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პოლიციაში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის - 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG