Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან წამოსული საფრთხის შემთხვევაში რუსეთი დუშანბეს იარაღით დაეხმარება


სერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, განაცხადა, რომ ტაჯიკეთში განთავსებული რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა დაეხმარება დუშანბეს, თუ ქვეყნის უსაფრთხოება საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება მეზობელ ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო.


„ჩვენ, ცხადია, უყურადღებოდ არ დავტოვებთ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს და ექსტრემისტების ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობას. სწორედ ამიტომ მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ თუ საფრთხე შეექმნება კოლექტიური უსაფთხოების ორგანიზაციაში ჩვენს მოკავშირეს, რუსეთი, რა თქმა უნდა, მოახდენს რეაგირებას და მოახდენს, პირველ ყოვლისა, რეაგირებას ტაჯიკეთის ტერიტორიაზე განლაგებული 201-ე სამხედრო ბაზით“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტი მის საზღვრებს გარეთ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები აქტიურად შედიან ავღანეთში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - ლიბიიდან და სირიიდან.

ივლისის დასაწყისში ტაჯიკეთმა რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დასახმარებლად მიმართა.

თალიბები შეტევას ახორციელებენ ერთდროულად ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარების გასაყვანად. დასავლური კოალიცია სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს თავისი ძალების მთლიანად გაყვანას.

ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, ავღანეთთან მთლიანი საზღვრის დაახლოებით ორი მესამედი ახლა რადიკალი ისლამისტების კონტროლის ქვეშაა. მთლიანობაში მისი სიგრძე 1,350 კილომეტრს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG