Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი: „ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა“


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამის შესახებ განცხადება ფეისბუქისა და ინსტაგრამის პირადი გვერდებით გაავრცელა. თანამედროვე ქართული ძიუდოს ყველაზე უხვტიტულა სპორტსმენმა გადაწყვეტილება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩენის შემდეგ მიიღო.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულისტკენა, მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო! ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ, შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას“, - დაწერა 32 წლის ქართველმა ძიუდოისტმა.

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიო-2020-ზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი. ძირითად ბადეში ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ვარლამ ლიპარტელიანი არის ევროპის სამგზის ჩემპიონი და შვიდგზის პრიზიორი, მსოფლიოს ექვსგზის პრიზიორი და ოლიმპიური თამაშების (2016) ფინალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG