Accessibility links

site logo site logo

რეიტინგის პროცენტები და "ოცნების" ნულოვანი სვლა


როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირების გამო.

ხელისუფლების ოპონენტებში დომინირებს აზრი, რომ 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას („სამომავლო გზა საქართველოსთვის“) „ქართული ოცნება“ იმ შიშის გამო გამოეთიშა, რომ მომავალ არჩევნებზე 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავდა, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყოლოდა. ასეთი ვარაუდის საფუძველს მართლაც ხედავენ სოციოლოგები ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შემაშფოთებელია არა მიზანი, არამედ შედეგი - რომ „ოცნებამ“ პრაქტიკულად, შესაძლოა, ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან დაშორებას.

მმართველი პარტია ყველაფერს ისევ კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს და იმედი აქვს, თუ კარგად აუხსნიან, საერთაშორისო პარტნიორებიც ყველაფერს გაიგებენ.

  • რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შეუთანხმებლად გადაესვა ხაზი „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“?
  • შესაძლებელია თუ არა, საერთაშორისო პარტნიორები გაგებით მოეკიდონ 6-თვიანი შრომის წყალში ჩაყრასა და საქართველოს უკუსვლას?

კვლევების არითმეტიკა

სოციოლოგი იაკო კაჭკაჭიშვილი გვიმხელს მისი ორგანიზაციის, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დაკვეთით ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი (შეკითხვების ვარიაციების მიხედვით) თბილისის მასშტაბით 26-30%-ს შეადგენს.

„არ არის ეს მაღალი შედეგი, რასაკვირველია. არ ვიცი, რეგიონებში როგორია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მაგრამ საშუალოდ, ალბათ, სადღაც იგივე მაჩვენებელი იქნება... არჩევნებამდე ეს შედეგი, სავარაუდოდ, კიდევ შემცირდებოდა გაუარესებული ეპიდვითარების გამო - შემთხვევათა რიცხვი სახიფათოდ იზრდება, ვაქცინაციის პროცესი ნელია და, ამასთან, არც ქვეყნის ჩაკეტვა იგეგმება... ვფიქრობ, ამ დოკუმენტის გაუქმებით 43%-ის ვალდებულება მოიხსნეს და თავი დაიზღვიეს“, - გვეუბნება კაჭკაჭიშვილი.

„ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-იანი ზღვრის გადალახვა იოლი რომ არ იქნებოდა, ამაზე ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა კვლევებიც მიუთითებს; მაგალითად:

  • ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) მიერ ჩატარებული და ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 39%-ის მხარდაჭერა ხვდა წილად.
  • ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით „იპსოსის“ (IPSOS) მიერ ივნისში გამოქვეყნებული კვლევით კი, „ოცნების“ რეიტინგი 32%-ს არ აღემატებოდა.

თავად „ქართული ოცნება“ თითქმის 50%-იან მხარდაჭერაზე ლაპარაკობს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტში - „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ასახული დათქმით, მნიშვნელოვანი ხდებოდა თითოეული პროცენტი; რადგან თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დოკუმენტისთვის თავიდანვე არ მოუწერია ხელი, მაგრამ სწორედ მისი გაფორმების შემდეგ შევიდა პარლამენტში. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა.

  • ამ სამ თვეში „ქართულ ოცნებას“ ერთხელაც არ წამოუყენებია ულტიმატუმი, რომ თუკი მთავარი ოპოზიციური პარტია ამ დოკუმენტს არ შეუერთდებოდა, ხელმომწერების რიგებს მაშინ თავადაც გამოეთიშებოდა.
  • საკითხის ულტიმატუმის სახით დაყენება ანდა საერთოდ, შეთანხმებიდან გასვლის ნიშანი არ გამოკვეთილა არც ბათუმში, 19 ივლისს, საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გამართულ შეხვედრებზე, რომლებშიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდა.

გავიდა კიდევ 9 დღე და 28 ივლისს სახელისუფლებო პარტიამ თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა.

ითქვა, რომ „უსამართლობაა“ და მმართველ პარტიას არც მხარდამჭერები აპატიებენ, რომ შემდგომშიც შეასრულოს იმ დოკუმენტის მოთხოვნები, რომელზეც ხელი არა აქვს მოწერილი ოპოზიციის დიდ ნაწილს.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ენმ-მა მართლაც მისცა საბაბი „ოცნებას“, რომ ეს არგუმენტი მოეშველიებინა. მაგრამ საერთო სურათით, ამ ფაქტს სოციოლოგი მაინც მეორეხარისხოვნად თვლის.

მისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელისუფლებო პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, შექმნა რეალური პირობა ევროკავშირსა და ნატოსთან დასაშორებლად და ე.ი. - რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედა.

„აქამდე ახერხებდა რაღაცნაირად, მაგრამ ამიერიდან, „ქართულ ოცნებას“ ორ სკამზე ჯდომა ვეღარ გამოუვა. შეუძლებელია, რომ თან უარყონ ევროკავშირისა და ამერიკის შუამავლობით გაფორმებული დოკუმენტი და თან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ მათთან.

უკვე წამოვიდა მკაცრი კრიტიკა დასავლეთის მხრიდან. ვფიქრობ, უკან არ დაიხევს და თანდათან, „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს სულ უფრო ხისტი განცხადებების გაკეთება. გამოდის, რომ ძალაუფლების შენარჩუნება დასავლეთზე უარის თქმის გზით გადაწყვიტეს.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის გზაგასაყარი - „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს უკან დახევა დასავლური ვექტორისგან“, - გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი.

ეს შეთანხმება არ ყოფილა პოლიტიკურ პარტიებს შორის სახელდახელოდ დადებული შეთანხმება. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც, 2020 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკავშირსა და აშშ-ს ჯერ - ფასილიტაციის, შემდეგ მედიაციის 6-თვიან მძიმე შრომად დაუჯდათ.

საწყის ეტაპზე პრობლემის მოგვარება ელჩების დონეზე რომ ვერ ხერხდებოდა, პროცესში მედიაციის ინიციატივით ევროკავშირის უმაღლესი პირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩაერთო.

შესაბამისად, იაგო კაჭკაჭიშვილისთვის იოლად წარმოსადგენია, რომ პროცესის ჩაშლას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირებაც, სავარაუდოდ - სანქციების სახით, თუკი „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის მოსაზრება ამ დოკუმენტის შესაძლო ხელმოწერის შესახებ, რათა „ქართული ოცნება“ აიძულონ, დაუბრუნდეს დემოკრატიულ კალაპოტს.
  • ამ ეტაპზე ენმ-დან პარლამენტი დატოვა მხოლოდ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მანამდე სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, თავმჯდომარემ პარტიისა „გირჩი - მეტი თავისუფლება“. საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა თამარ კორძაიამ.

აშშ-ის საელჩოს მიერ 29 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება“ იმის გამო, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე „განმეორებით უკანგადადგმულ ნაბიჯებს“ ხედავს.

მოსალოდნელი ნაბიჯი

28 ივლისს, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას გამოეთიშებოდა, ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, სწორედ ასეთ მოსალოდნელობაზე ლაპარაკობდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ ანდრონიკაშვილი.

რატომ? რა იყო მისთვის ასეთი მოსალოდნელობის ინდიკატორი?

„ამგვარად ფიქრის საფუძველს მაძლევდა „ქართული ოცნების“ საქციელი, მოყოლებული „გავრილოვის ღამის“ (2019 წლის 20 ივნისი) შემდეგ. მას არ შეუსრულებია არცერთი დათმობა, რაზეც ის თითქოს აპირებდა წასვლას. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ესა თუ ის შეთანხმება დროის მოსაგებად გამოეყენებინა.

შესაბამისად, არც ეს ფაქტია არალოგიკური. თუმცა მე მაინც მეგონა, რომ ეს მოხდებოდა არჩევნების შემდეგ და არა არჩევნებამდე... ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“ მუდმივად კანონიერების ჩარჩოებიდან გასვლით ცდილობს“, - გვეუბნება ზაალ ანდრონიკაშვილი.

მთავარი კანონის - კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლის მკაფიო მაგალითს ზაალ ანდრონიკაშვილისთვის წარმოადგენს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის მიერ 5 და 12 ივლისს გაკეთებული განცხადებები, რომ უმცირესობა ყოველთვის უმრავლესობის ნებას უნდა დაემორჩილოს.

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლის წინ „ქართული ოცნება“ უცხოელ პარტნიორებსაც დაუპირისპირდა. 16 ივლისს ხელისუფლებამ ისინი პრაქტიკულად მიზანმიმართულ ტყუილში დაადანაშაულა და მართალია, გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ ნათელი იყო, რომ მთავარი ადრესატი აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იყო.

სწორედ ელჩმა დეგნანმა მრავალჯერ სცადა, მაგრამ ვერც ტვიტერზე ყვითლად მონიშნული ტექსტის გამოქვეყნებით შეძლო „ოცნებისთვის“ იმის დამტკიცება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება „შარლ მიშელის შეთანხმებას“ არღვევდა.

  • „ამბიციური სასამართლო რეფორმა“ – 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა. სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემდგომი დანიშვნის პროცესი და დოკუმენტში ეს პირდაპირ, მკაფიოდ წერია.
  • „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი მაინც გააგრძელა და 12 ივლისს, პარლამენტში 6 ახალი მოსამართლეც დაამტკიცა.
  • შემდეგ წამოვიდა მწვავე კრიტიკის მორიგი ტალღა - როგორც ბრიუსელიდან, ასევე ვაშინგტონიდან. განცხადებებში პირდაპირაც იყო ნათქვამი, რომ ეს პროცესი 19 აპრილის შეთანხმების პირობებს არღვევს.

„ქართული ოცნება“ კი მუდმივად იმეორებდა, რომ ის შეთანხმების ყველა პუნქტს პირნათლად ასრულებს.

ზაალ ანდრონიკაშვილისთვის ცხადია, რომ ეს დოკუმენტი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მთავარ საზომად რჩება და მისი დარღვევა ევროპულ ფასეულობებთან დაშორების ინდიკატორადაც აღიქმება.

„ილიას უნივერსიტეტის“ პროფესორი გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი გააზრებული ექნებოდა თავად „ქართულ ოცნებასაც“:

„არაპროდუქტიული მგონია მსჯელობა იმის შესახებ, რუსეთის გეგმის მიხედვით ხდება თუ არა ეს. მთავარია შედეგი და შედეგი არის - არაკონსტიტუციური მმართველობის დამყარება საქართველოში და საქართველოს ჩამოშორება თავისი ევროპული/ევროატლანტიკური გზიდან.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ ამაზეც კი წავიდა. დიახ, რუსეთი დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორბიტას და რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ერთმნიშვნელოვნად ამისკენ არის მიმართული... საერთოდ, მე არ მგონია, რომ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ რაიმე ზღვარი აქვს, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე შეაჩერებს“, - გვითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ საქართველოში, თვალსა და ხელს შუა, დიქტატურა ყალიბდება და ამის შეჩერება შეუძლია მხოლოდ ამომრჩევლის ნებასა და დასავლელი პარტნიორების მტკიცე წინააღმდეგობას.

ძალადობით მოხიბლულთა მხარდაჭერა

თუკი ფეისბუკდისკუსიებს გადავხედავთ, ჩანს, რომ თავისი სვლით „ქართულმა ოცნებამ“ 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების მონაწილეთა და გამმართლებელთა გული მოიგო.

ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში ევროკავშირის დროშის განადგურებას საამაყო საქმედ თვლის.

ისინი ხელისუფლებას ტაშს უკრავენ - აშშ-ისა და ევროკავშირის სათანადო „ჭკუის სწავლებისა“ და ასევე 5-6 ივლისის მოვლენების დროს მხარდაჭერის გამო.

სანაცვლოდ, არჩევნებზე სრულ მხარდაჭერასაც ჰპირდებიან, ოღონდ კიდევ რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  • გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი;
  • დამტკიცდეს კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ;
  • დიდი ჯარიმები დაადოს ჟურნალისტებს, მათი „ძალადობისა და სიცრუის“ გამო;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები საერთოდ გააქროს;
  • უარი თქვას ვაქცინაციის იძულებაზე და განუდგეს „კულუმბეგოვის დიქტატურას“.

იაგო კაჭკაჭიშვილი ვარაუდობს, რომ ამგვარი ნაბიჯებით „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა „პატრიოტთა ალიანსისა“ და ლევან ვასაძის „ერის“ მხარდამჭერები „შეიწოვოს“. მაგრამ სოციოლოგი ასევე ვარაუდობს, რომ ამ კატეგორიის ელექტორატის საერთო მაჩვენებელი 3%-ზე მეტი არ იქნება.

იაგო კაჭკაჭიშვილი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ხედავს. ზაალ ანდრონიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, „არაფორმალური მართული ჯგუფების“ გარდა, ძალადობრივ პროცესებში უკვე ღიად „სახელმწიფო ძალებიც“ ჩაერთონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG