Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად


პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიშის შედეგად აფასებს „მიშელის შეთანხმებიდან“ პარტია „ქართული ოცნების“ გასვლას.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან თბილისში, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ მედიას უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

გახარიას შეფასებით, „მიშელის შეთანხმების“ პრინციპულ კომპონენტებს შორის იყო სასამართლოს რეფორმა, რაც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, და 43%-იანი ზღვრის გადალახვის საკითხი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა, რაც აისახება მოქალაქეების განწყობებსა და გადაწყვეტილებებზე:

„ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია, სამწუხაროდ, ჩემთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და აქ დღეებზეა საუბარი სინამდვილეში, აქ არ არის რაღაც გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია სადღაც მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის წამოწეული პარტიული ინტერესები... უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ და ეს არის შიშის შედეგი“.

ჟურნალისტების შეკითხვას, შეწყვეტდა თუ არა მმართველი პარტია ცალმხრივად „მიშელის დოკუმენტს“ ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ პარტიის დღევანდელი „ბოსების“ გამბედაობაში ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა.

გიორგი გახარიასთან ერთად, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე. დღეს გაირკვა, რომ საბანაძე საერთაშორისო საკითხებში გახარიას მრჩეველი გახდა.

„ყველას მოგეხსენებათ მისი, როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით რეპუტაცია. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“, - უთხრა მედიას გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 2021 წლის მარტში დატოვა. ივნისში, ნატა საბანაძე ბრიუსელში ესწრებოდა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის სტატუსით გიორგი გახარიას მიერ ევროკავშირსა და ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს.

გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის. 29 მაისს, გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG