Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი "მიშელის დოკუმენტზე": ჩვენთვის მნიშვნელოვანი "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იყო


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „შარლ მიშელის შეთანხმებისადმი“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა მიხეილ სააკაშვილის დავალებით. „ქართულმა ოცნებამ“ კი ვალდებულებები ცალმხრივად სრულად შეასრულა.

„ჩვენ დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული, რეალურად ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში, განათლების მინისტრის მიერ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიების დასრულების შემდეგ.

მან მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელმაც, მისი თქმით, ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის.

„სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილის დავალებით, კერძოდ, ყველა მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი, შედეგი არჩევნებში შეადგენს 10 %-ზე მეტს, შესაბამისად, ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის პოზიცია, მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მე მინდა ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG