Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლიტერადან” წიგნები 77-მა ავტორმა გაიტანა


ბესიკ ხარანაულთან, ვახტანგ ჯავახაძესა და გელა ჩარკვიანთან ერთად პრემია „ლიტერას“ კონკურსიდან თავიანთი წიგნები 110-დან 77-მა მწერალმა გაიტანა.

ავტორებთან შეთანხმებით, კონკურსიდან წიგნები გაიწვიეს გამომცემლობებმა „ინტელექტმა“ და „არტანუჯმა“.

მწერლების პროტესტი გამოიწვია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის” ჟურნალისტისათვის მიკროფონი წართმევამ და „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობაში კულტურის მინისტრის მრჩევლის, იოსებ ჭუმბურიძის ჩასმამ.

პროტესტის ნიშნად კონკურსი დატოვა ჟიურის ხუთიდან ოთხმა წევრმა: რეზო თაბუკაშვილმა, ბელა წიფურიამ, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა.

ჟიურის მეხუთე წევრი, იოსებ ჟუმბურიძე გამოვიდა წინადადებით, ლიტერატურული კონკურსი ჩაატაროს არა „მწერალთა სახლმა“, არამედ სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ“, რომელსაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ირმა რატიანი ხელმძღვანელობს.

„ჩაატაროს ირმა რატიანმა და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა, სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა“, - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

ალტერნატული პრემიის დაწესებას აპირებენ კულტურის სამინისტროსათვის გამოცხადებულ პროტესტში მონაწილე მწერლები.

ყოველწლიური პრემია „ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და „მწერალთა სახლმა“ 2015 წელს დააარსეს. მას შემდეგ პრემიას 6 სხვადასხვა ნომინაციაში (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, დებიუტი და ა.შ.) ყოველ წელს გასცემენ.

XS
SM
MD
LG