Accessibility links

site logo site logo

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაიდო


საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიმდინარე რიგგარეშე სხდომის დღის წერიგში აღარ შეიტანა 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა. ამ თხოვნით მას მიმართა კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სხდომაზე საკითხის გასატანად საჭირო 50 ხმის მობილიზება გაჭირდება.

„გვქონდა კიდეც კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, თითოეული ფრაქციის წარმომადგენელთან და იყო კიდეც მზაობა გამოთქმული. ფრაქცია „ლელომ“ გამოთქვა მზაობა და იგივე პოზიციაზეა ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, სამწუხაროდ, შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლეგები არიან ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროა ძალიან, რომ ისინი არც ამ საკითხის გამო არ აპირებენ, რომ დაესწრონ სხდომას და გამონაკლისი დაუშვან მიუხედავად იმის, რომ იყო მზაობა გამოთქმული, რომ მხარს დაუჭერდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მან პარლამენტის თავმჯდომარეს კომისიის შექმნის საკითხის გადავადების ინიციატივით მიმართა:

„ჩვენს ინტერესებში არ არის, რომ საკითხი ჩავარდეს და გადაიდოს მერე კიდევ 6 თვით, როგორც ამას ითხოვს რეგლამენტი, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მისი შექმნა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კომისია შეიქმნას. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ სესიაზე არ გავიტანოთ, ჩვენი თხოვნა იქნება გადავდოთ და ამის შემდეგ უახლოეს სხდომაზე გახდეს განხილვის საგანი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან და შესაძლებლობა იქნება, რომ შეიქმნას კომისია და დადგინდეს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი. ისევე, როგორც რა ძალები იდგა ამ ორგანიზებული დანაშაულის უკან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მისი თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. კახა კუჭავას თქმით, პარლამენტის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” 22 ივლისს პარლამენტში დაარეგისტრირა დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს 5-6 ივლისს თბილისში განვითრებულ მოვლენებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ „ღირსების მარში“ გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG