Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED "ქართულ ოცნებას" მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მმართველ პარტიას მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ გრძელვადიან წარმომადგენელს სიტყვიერად თავს დაესხნენ. ამის დასტურად ორგანიზაცია 1 აგვისტოს ხობში გამართულ შეხვედრას იხსენებს.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, ამ დღეს ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს.

"ბერაიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს "მატყუარა" უწოდა და "გამყალბებელი", "ქვეყნის გადამტრიალებელი" და "ნაციონალებთან [ენმ] შეკრული" ორგანიზაციის წარმომადგენლად მოიხსენია", - აცხადებენ ISFED-ში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ISFED იხსენებს, რომ 29 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე "სამართლიან არჩევნებს" "დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას ამ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა.

"მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების აგრესიული რიტორიკა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე ინდივიდუალური თავდასხმები საგანგაშოა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე ზეწოლასა და მისი საქმიანობისთვის ხელშეშლას წარმოადგენს. ეს ყოველივე კი, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და ღირებულებებს", - აცხადებენ ISFED-ში.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა "ქართული ოცნების" პრესსამსახურს. პარტიის წევრების კომენტარები მიღების შემთხვევაში ამავე მასალაში აისახება.

XS
SM
MD
LG