Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში რეალობისგან მოწყვეტილი უწოდეს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში რეალობისგან მოწყვეტილი უწოდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აფხაზურ-ქართული კონფლიქტი წარმოაჩინოს რუსულ-ქართულ კონფლიქტად, არანაირი გამართლება არ აქვს და პასუხისმგებლობისგან გაქცევის და დანაშაულის ტვირთის მოხსნის მცდელობაა.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ მხარეს შეახსენებს, რომ საქართველოს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა 1992 წელს აფხაზეთში ომის გაჩაღებაზე, ისევე, როგორც 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში ტრაგიკულ მოვლენებზე“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, განუხორციელებელია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისა და დეოკუპაციის შესახებ რუსეთისადმი საქართველოს მოთხოვნაც.

საქართველოს პარლამენტმა 2 აგვისტოს, 91 ხმით მიიღო რეზოლუცია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ერთი მხრივ, რუსეთს, შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და, მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ, რომ დაგმოს რუსეთის მიერ ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნისათვის ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია უპირველესი პრიორიტეტია.

რეზოლუცია ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პარტნიორები უნდა დაეყრდნონ სწორედ ამ გადაწყვეტილებას, როდესაც საკუთარ პოლიტიკას წარმართავენ როგორც რუსეთის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG