Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი: ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს


სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტიის მხრიდან „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ანულირება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამარულ ბრიფინგზე. პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილი კრიტიკულად აფასებს „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლას და პირობის დარღვევას. „იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს“, - თქვა მან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა პროცესში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობა.

„მიმაჩნია და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ“, - თქვა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ვერ აიღებს პასუხისმგებლობს დოკუმენტის ანულირებაზე.

„ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა დღეს, პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი“, - თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დუკუმენტი წარმოადგენს იმ გზას, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს.

პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე და აღნიშნავს „მათი პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულების შესახებ“, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში.

„ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიცია აქვს.

„არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG