Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარე: ჩემი მთავარი პრიორიტეტი ნდობის სიმყარე იქნება


გიორგი კალანდარიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ მისი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ნდობისა და კომისიის რეპუტაციის სიმყარე იქნება. მისი თქმით, ზუსტად ნდობა და მყარი რეპუტაციაა მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და ეს უმთავრესად პროცესების გამჭვირვალობით მიიღწევა:

"გასაღები იმისა, თუ სად უნდა ვეძებოთ ჩვენ ნდობის სიმყარე და ნდობის სიმტკიცე და სად გადის ზღვარი, არის ჩემი აზრით გამჭვირვალობა, პროცესის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე. ღიაობის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კომპეტენციების განვითარება და უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ვინაიდან ჩვენი სერვისების მთავარი მომხმარებელი და ჩვენი მთავარი მომხმარებელი და ჩვენი მთავარი საკვანძო სეგმენტი არის ამომრჩეველი, ისევე როგორც ყველა ჩართული მხარე, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დააზღვიოს საარჩევნო ადმინისტრაცია რეპუტაციული რისკებიდან და გამოწვევებიდან, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.

„ნამდვილად თავს არ დავზოგავ მე იმისთვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომები ნებისმიერი ჩართული მხარისთვის“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა. მან გადაცემაში სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტში კენჭისყრის დროს მრავალპარტიული მხარდაჭერა არ ჰქონდა. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ მის პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ არსებობს კითხვის ნიშნები:

„ვგულისხმობ იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის 13 წლის განმავლობაში, 2008 წლიდან, ხაზს ვუსვამ, სხვადასხვა თავმჯდომარის პირობებში, სხვადასხვა მთავრობების პირობებში, ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის განმავლობაში, სადაც ძალიან დიდი საარჩევნო გამოცდილება დამიგროვდა, არ ყოფილა არც ერთი კითხვის ნიშანი ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემს დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით, ჩემს რაიმე მიკერძოებასთან დაკავშირებით, პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა „დილის საუბრებში“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტმა 2 აგვისტოს მეოთხე მცდელობაზე აირჩია. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას იგი 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების შესრულებას გიორგი კალანდარიშვილი 3 აგვისტოდან შეუდგა.

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. იგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდა. არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად "ევროპელი სოციალისტებიც" შედიოდნენ, დაასკვნა, რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

XS
SM
MD
LG