Accessibility links

site logo site logo

ევროკომისია აფასებს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულებას


საქართველო, საერთო ჯამში, აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად ზომებს მიმართა, თუმცა, აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად და პრევენცია და ბრძოლა ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ამის შესახებ საუბარია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის მეოთხე ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა.

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის მარტიდან სარგებლობს. ქვეყანას ეკისრება კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა შესრულებას ევროკომისია აკვირდება და პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.

რიგით მეოთხე ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც. საქართველომ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოგვარება და უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია მოარგოს მიგრანტების შესაბამის პროფილებს.

საქართველომ უნდა გაზარდოს ანტიკორუფციული დაწესებულებების და სამართალდამცავი ორგანობის ეფექტიანობა, რათა უკეთესად იყოს განხილული მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და უზრუნველყოფილი იყოს ყველა ასეთი შემთხვევის გამოძიება.

საქართველომ უნდა დაასრულოს უზენაესი სასამართლოს რეფორმა და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სრულად შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს.

საქართველომ უნდა დაასრულოს პროკურატურის რეფორმა, მათ შორის გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით.

საქართველომ უნდა დაასრულოს ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და ჰქონდეს სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე.

საქართველომ უნდა გააგრძელოს ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და ამგვარ დანაშაულთან ბრძოლა, კერძოდ, უკანონო საქმიანობით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების წინააღმდეგ და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა.

რეკომენდაციებამდე, ევროკომისიის ანგარიშში მიმოხილულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესასრულებლად საქართველოს მიერ მიღებული კანონები და სხვა გადაწყვეტილებები და ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს ეხება და რეფორმის მეოთხე ტალღის ზოგიერთ დეტალს აღწერს, ხაზგასმულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 12 ივლისს, უზენაესი სასამართლს 6 მოსამართლის დანიშვნა ეწინააღმდეგება ევროკავშირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG