Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი ორმაგ მოქალაქეობაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის სოციალურ გარანტიებს ხედავს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების შესახებ რესპუბლიკის მოქალაქეებს დამატებით სოციალურ გარანტიებს მისცემს.

როგორც ბიბილოვი აცხადებს, დოკუმენტის მიღება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და „რესპუბლიკის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, „ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ მხარეს უკვე გაიარეს, ხელშეკრულების მიხედვით, მეორე მხარის გაწვევისგან თავისუფლდებიან.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს შეთანხმება გაუადვილებს ცხოვრებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს. ეს არის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვების პრობლემის სერიოზული გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სოციალური დაცვის უზრუნველყოფასთან და რუსული პენსიების მიღების შესაძლებლობებთან", - თქვა ბიბილოვმა.

პუტინის ამ გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა: „საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს პრეზიდენტ პუტინის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტის“ დამტკიცებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ ამ არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG