Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონელ მესი "ბარსელონას" ტოვებს


ლიონელ მესი "ოქოს ბურთის" პრიზით. პარიზი, 2019 წ. დეკემბერი.
ლიონელ მესი "ოქოს ბურთის" პრიზით. პარიზი, 2019 წ. დეკემბერი.

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, არგენტინელი ლიონელ მესი, ტოვებს ესპანეთის კლუბ „ბარსელონას“, რომელშიც მან 21 წელი - ფაქტობრივად, მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა.

მესის ივლისში დაუმთავრდა კონტრაქტი. კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, ხელი მოეწერათ ახალი ხელშეკრულებისთვის, „ეს შეუძლებელია ფინანსური და საორგანიზაციო წინაღობების გამო“, რაც ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ნორმებთანაა დაკავშირებული. „შეუძლებელია დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმება“, აღნიშნულია „ბარსელონის“ განცხადებაში.

როგორც მედიაში აღნიშნავენ, 34 წლის თავდამსხმელის კლუბიდან წასვლა გამოწვეულია „ბარსელონის“ ფინანსური პრობლემებით და ესპანეთის ლიგის სიმკაცრით, რომლის წესებშიც არის რეგულაცია: ხარჯების მოცულობა შემოსავლებზეა დამოკიდებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ანუ პანდემიის პერიოდში, კატალონიელების შემოსავლები მკვეთრად დაეცა და თუკი „ბარსელონა“ წარსულში ფეხბურთელების ხელფასებზე 671 მილიონ ევროს ხარჯავდა, ახლა კლუბი იძულებულია, ეს თანხა 383 მილიონამდე შეამციროს.

გუნდში, რომელშიც მრავალი ძვირად ღირებული მსოფლიო ვარსკვლავი თამაშობს, მესი წელიწადში 90 მილიონ ევროზე მეტს იღებდა. ჟურნალ Forbes-ის თანახმად, შარშან ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელი იყო. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „ბარსელონაში“ კარიერის გასაგრძელებლად მესი ხელფასის ორჯერ შემცირებაზე იყო თანახმა, მაგრამ ახალ პირობებში კლუბმა ესეც ვერ მოახერხა.

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2000 წელს მოხვდა, როცა ჯერ კიდევ 13 წლის იყო. სამი წლის შემდეგ შედგა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი. საკლუბო კარიერის განმავლობაში მესიმ 520 მატჩში ითამაშა, გაიტანა 474 გოლი. „ბარსელონის“ შემადგენლობაში ის ათჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ოთხჯერ - ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირი, უეფას ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, მესი ფლობს ურიცხვი რაოდენობის პირად პრიზებს, მათ შორის - „ოქროს ბურთს“, რომელიც ყოველ წელს გადაეცემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. „ბარსელონის“ შემადგენლობაში მესიმ ეს პრიზი ექვსჯერ მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG