Accessibility links

site logo site logo

დუმაში აცხადებენ, რომ რუსეთი იცავს მათ, ვისაც ერთ დროს არსებული საერთო სახლი აკლია


რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია სოფელ ნიქოზთან

რუსეთის დუმაში არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი უწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებას, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ძალა უნდა გაიყვანოს და ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს.

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ისევე, როგორც ბევრი იმ ქვეყნისა, რომლებიც ერთ დროს ერთ სახლში ცხოვრობდნენ და დღეს ეს სახლი აკლიათ.

კალაშნიკოვის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა განცხადებას შეუერთდა, ჯერ საკუთარი სამხედროები გაიყვანოს კვიპროსიდან, სადაც "ყოფილი კოლონიის ტერიტორია მიიტაცა, მიითვისა და საკუთრებად აქცია". კალაშნიკოვის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის სიტყვებით, დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადება, რომლითაც რუსეთს მოუწოდებენ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გაუქმებისკენ, არ ღირს იმაზე ძვირი, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ეს წერია. ზატულინმა „რია ნოვოსტი“-ს უთხრა, რომ რუსეთი აღიარების უკან წაღებას არ აპირებს.

4 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. სხდომის შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიის და საფრანგეთის და საბჭოს მომავალი წევრის, ალბანეთის წარმომადგენლებმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებაში საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის უკანონო ქმედებებსა და მათ მძიმე შედეგებზე. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს ამ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი.

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ორი რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთს საკუთარი სამხედრო ბაზები აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG