Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა


ზუგდიდის მერიის დაკვეთით ქალაქის ცენტრში ხალხმრავალი კონცერტი გაიმართა. კონცერტი გუშინ, 5 აგვისტოს ჩატარდა და ბიუჯეტიდან ამისთვის 19 ათასი ლარი გამოიყო.

მერიამ მომსახურება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურ-გასართობი გადაცემის, "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" გუნდს დაუკვეთა.

"მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობაბა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის", - აღნიშნავდა ზუგდიდის მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ზუგდიდში მერიის ინიციატივით გამართულ კონცერტზე მყოფ მოქალაქეებს არ ეკეთათ პირბადეები და მათ შორის არ იყო დისტანცია დაცული. შეკითხვაზე, რატომ ჩატარდა ხალმრავალი ღონისძიება იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგები რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ, მერიაში ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ აქვთ. რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება, რამდენიმე ათას ადამიანს კი ვირუსი უდასტურდება.

XS
SM
MD
LG