Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წესების 23 ივნისის შემდეგ დამრღვევთათვის ამნისტიის გამოცხადება მთავრობას არ განუხილავს


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ისევ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.

სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსს, გიორგი ღიბრაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად უწყობს ხელს წესების დაცვას ამნისტია, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა იზოლაციის, კარანტინის და პირბადის წესების, ან თვეების განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთათვის.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ამნისტია ეხებოდა 23 ივნისამდე ჩადენილ დარღვევებს: „იმ პერიოდიდან შემდგომ არანაირი მსგავსი განხილვა არ ყოფილა და ალბათ, არც იქნება. ვნახოთ, შეეტყობა სიტუაციას“.

საქართველოს მთავრობამ ივნისის ბოლოს გამოაცხადა, რომ ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დამრღვევები ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, ამნისტია შეეხება 245 ათასზე მეტ პირს და საერთო ჯამში, ჩამოწერილი იქნება დაახლოებით 76 მილიონი ლარის ჯარიმა. 2 აგვისტოს, შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების და კვების ობიექტების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში 00:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში. ისევ აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა მსგავსი ღონისძიებები. წესის დარღვევით მასპინძლობისთვის კვების ობიექტებსა და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარი, მეორედ მსგავსი ქმედების შემთხვევაში კი, ობიექტები დაილუქება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG