Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დროა“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალ შეკრებებზე უარს ამბობს


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პარტია „ელენე ხოშტარია-დროა“ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს. პარტია მოუწოდებს ყველას, კამპანია ჩაატარონ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით, პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით.

"საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აორგანიზებს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც "ელენე ხოშტარია-დროა" საქართველოს ხელისუფლებას ორი მთავარი მოთხოვნით მიმართავს:

  • დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.
  • გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. პარტია აღნიშნავს, რომ ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის.

პარტია „ელენე ხოშტარია-დროა“ გამოხატავს მზადყოფნას, ნებისმიერ მსურველს დაეხმაროს ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში.

„დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე - 599 192 277; 598 642 956“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 10 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 664 997 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG