Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერიას კლინიკამ უჩივლა მათთან დასაქმებულ მედძმას, რომელიც ანტივაქსერულ კამპანიას ეწეოდა


ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ თანამშრომელ მედძმას, რომელიც ანტივაქსერულ კამპანიას ეწეოდა. კლინიკა ამ განცხადებებს რეპუტაციული ზიანის მიმყენებლად და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად აფასებს.

"აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც შექმნა ცრუ წარმოდგენა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. ეს წარმოადგენს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას...

გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის სახელით გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები არა მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჰოსპიტალს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების სახელით გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებაში სარგებლობს მეტი ნდობით და, შესაბამისად, საჭიროებს ჰოსპიტლის მყისიერ რეაგირებას", - აღნიშნულია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარჩელით ჰოსპიტალი ყოფილი თანამშროლისგან ზიანის ასანაზღაურებლად თანხას არ ითხოვს.

კლინიკის თანამშრომელმა მედძმამ 28 ივლისს სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ანტივაქსერულ კამპანიას ეწეოდა. ამ მიზეზით ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არაერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული", - აცხადებდა კლინიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG