Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-მა დაბლოკა ვაქცინების შესახებ რუსეთიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია


კომპანია Facebook-მა შეაჩერა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ რუსეთიდან წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია.

Facebook-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზატორი იყო დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული, ქსელური რეკლამის ფირმა Fazze, რომელიც რუსეთიდან მუშაობდა და ცდილობდა ვაქცინების მავნებლობის შესახებ ცრუ ინფორმაციის, ე.წ. ფეიკების გასავრცელებლად ევროპაში დაექირავებინა სოციალურ ქსელებში დიდი აუდიტორიის მქონე, გავლენიანი ინფლუენსერები.

დეზინფორმაციის კამპანია Facebook-ის და Instagram-ის გარდა მიმდინარეობდა ისეთ ინტერნეტ-პლატფორმებზე, როგორიცაა Reddit, Medium და Change.org.

კომპანია Facebook-ის გლობალური საფრთხეების ანალიზის სპეციალისტის, ბენ ნიმოს განმარტებით, დეზინფორმაციის კამპანიის ორგანიზატორები ავრცელებდნენ ყალბ სტატიებს და პეტიციებს, რათა მოსყიდულ ინფლუენსერებს ეს მასალები თავის პოსტებში გამოეყენებინათ. ბენ ნიმომ ამ სქემას „დეზინფორმაციის სამრეცხაო“ უწოდა.

ივლისში Facebook-იდან წაშალეს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 65 ანგარიში, ხოლო Instagram-იდან 243. კამპანიის სამიზნე აუდიტორია იყო ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა და ნაწილობრივ აშშ.

როგორც Facebook-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დეზინფორმაციის კამპანია წარმატებული არ ყოფილა, რადგან პოსტების უმრავლესობას მოწონება საერთოდ არ ჰქონდა, ყალბი პეტიციები კი, ათას ხმაზე მეტს ვერ აგროვებდა. კონკრეტულად ვინ იყო ამ კამპანიის დამკვეთი, ჯერჯერობით დაუდგენელია. Facebook-მა გამოძიებისას მოპოვებული ყველა მასალა გადასცა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს და სხვა ინტერნეტ-კომპანიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG