Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში მასობრივ არეულობებში გადაიზარდა კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია


ვილნიუსში, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ, მას შემდეგ, რაც 10 აგვისტოს, საღამოს 5 საათამდე ნებადართული აქცია არ დაიშალა და დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის ბლოკირება და პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები დაიწყო. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Delfi იუწყება.

მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. თავდასხმა მოხდა ლიეტუვის მაუწყებლის, LRT-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზეც. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი სეიმის შენობიდან გასვლას ვერ ახერხებდა. დემონსტრანტებს პროტესტის ცივილიზებული ფორმებით გამოხატვისკენ მოუწოდებდა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. „დემოკრატია ანარქია არ არის“, - დაწერა ნაუსედამ ფეისბუკის პირად გვერდზე.

ვილნიუსის პარლამენტთან შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი 10 აგვისტოს დილიდან აპროტესტებდა მოსალოდნელ შეზღუდვებს, რომელთა თანახმად, სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, კაფეებში და რესტორნებში ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ, კოვიდ-გადატანილ, ან ტესტირებულ მოქალაქეებს და მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, ლიეტუვა განიხილავს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციას.

ლიეტუვაში ეპიდსიტუაციამ გაუარესება ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. თუ წინა თვეებში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ს არ აღემატებოდა, ივლისის ბოლოდან რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG