Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინდისის გმირების უკვდავსაყოფად ახალი მონუმენტი დაიდგმება


შინდისში პატივი მიაგეს 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირებს. შინდისის ბრძოლის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 17 გმირის ხსოვნის პატივსაცემად, ბრძოლის ადგილას დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. შინდისში იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

დღევანდელი დღე არის ისტორიული დღე, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომლის თქმითაც სამშობლოსათვის თავდადებული 17 შინდისელი გმირის სახელი საქართველოს ისტორიას დარჩება. „ჩვენ გვყავს გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირები, ასეთი არის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, რომელსაც ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა ასევე შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობის საკითხზე. იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის პრაქტიკულად დღეს გახდა ცნობილი, რომ მემორიალი ძველი, დაწყებული პროექტით აღარ გაგრძელდება და შეიცვლება როგორც მისი კონცეფცია და პროექტი, ისე არქიტექტორი.

„ჩვენც ანალოგიურად უკმაყოფილოები ვიყავით მემორიალთან დაკავშირებით. ფონდთან, რომელიც დაარსდა 2011 წელს, სამინისტროს არ ჰქონია სახელშეკრულებო ვალდებულებები. შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას ვერ მოვთხოვდით, ერთდერთი გზა სამართლებრივი, რაც შეიძლებოდა მოგვენახა, ჩვენ აღვძარით სისხლის სამართლის საქმე. და ცალკე განცალკევებულად გამოვიძიებთ ამ შემთხვევას... რაც შეეხება მემორიალის დასრულებას, ჩვენ უკვე გვაქვს ახალი პროექტი, კონცეფცია, ყველა ოჯახის წევრთან შევათანხმეთ აღნიშნული კონცეფცია და საერთო აზრი არის, რომ მოგვწონს ყველას ეს კონცეფცია. მომავალ წელს ჩვენ ვიხილავთ აქ აღმართულ მემორიალს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავის მხრივ, შინდისის მემორიალის ახალი პროექტის არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაწყვეტილება მემორიალის ახალი პროექტით აშენების შესახებ დაახლოებით 10 დღის წინ იქნა მიღებული.

„კონცეფციას რაც შეეხება, ჩემი წარმოდგენით, ეს მონუმენტი უნდა ყოფილიყო და იქნება მაქსიმალურად რეალისტური, თითოეული ამ 17 გმირის ვიზუალიზაცია იქნება მაქსიმალურად, იდენტობისკენ წავალთ. მითითებული იქნება მათი სახელები, გვარები, წოდება. მითითებული იქნება მონუმენტზე ის ტრაგიკული ისტორია, რომელიც მოხდა 2008 წლის 11 აგვისტოს. სამუშაოები დაიწყება და ერთ წელიწადში უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობისთვის 2011 წელს შექმნილ ფონდში 1 160 000 ათასი ლარი იყო შეგროვებული, თუმცა იგი აქამდე მაინც ვერ აშენდა.

თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მემორიალის ასაშენებლად თანხა არაერთხელ გამოყვეს, ჯამში 930 ათასი ლარი (2018 წლის 27 თებერვალი - 100 000 ლარი, 2018 წლის 13 ივლისი - 530 000 ლარი, 2018 წლის 8 ნოემბერი - 300 000 ლარი). ამას ემატება 230 ათასი ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან და ფიზიკური პირებისგან.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "შინდისის გმირების მემორიალის ფონდის" თანამშრომლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვის დგება.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG