Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირების დაუდგმელი მონუმენტი შინდისში


შინდისის გმირების მონუმენტი, ვერც წინა და ვერც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ დადგა. დაღუპული გმირების ოჯახის წევრები 13 წელია მოთმინებით ელოდებიან ამ დღეს. აი, შარშანაც საქართველოს მთავრობა ამბობდა: შინდისში პორტრეტულ ქანდაკებას დავდგამთ და რკინიგზის სადგურის შენობის მუზეუმად გადაკეთებას დავიწყებთო. არცერთი არ გაკეთდა.

მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავად იმყოფებოდა სოფელში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. დაპირებები უხვად გაიცა.

რადიო თავისუფლება შინდისში ჩავიდა. ადგლზე ორი ჯარისკაცის დაუსრულებელი ფრაგმენტი დაგვხვდა. პორტრეტული მონუმენტი კი 17 გმირის ქანდაკებას უნდა მოიცავს, რომელიც ერთიანობის სიმბოლოს გამოხატავს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ გაჭიანურების მიზეზებზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები მოვისმინეთ, ფაქტი კი ის არის, რომ მონუმენტი ვერ დადგეს და არც ისაა ბოლომდე ცნობილი, ვინ და როდის დადგამს.

რას ამბობენ შინდისელები

„ეს გმირები იმსახურებენ პატივისცემას და ყურადღებას. სამშობლოსთვის და ჩვენი გულისთვის გაწირეს თავი. მემორიალი იქნება გაკეთებულიო, მაგრამ არაფერი გააკეთეს“, -ამბობს შინდისელი მანანა მეგრელიშვილი.

ყოველი წლის 11 აგვისტოს შინდისელები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად იმ ადგილას იკრიბებიან, სადაც რუსეთის არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი დაიღუპა. წელს იქ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ისევ გაიმართება მსჯელობა მონუმენტზე.

დაუსრულებელი მონუმენტის ფრაგმენტი შინდისში
დაუსრულებელი მონუმენტის ფრაგმენტი შინდისში

რას ამბობს მოქანდაკე

მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე მონუმენტის დადგმის გაჭიანურებულ პროცესს ტექნიკური სირთულეებით ხსნის. ის უარყოფს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. შინდისის გმირების მონუმენტი მილიონ ლარზე მეტი ჯდება, აქედან 930 ათასი თავდაცვის სამინისტროს ხარჯებია. მონუმენტი ბრინჯაოში ჩამოსხმული პორტრეტული ქანდაკება უნდა იყოს.

ვიყავით ჩვენ თავდაცვაში, შეიცვალა მოქანდაკე და უმოკლეს დროში დაამთავრებს სხვაო. ვის გადასცეს, არ ვიცი. მე როგორც ვიცი, ჭავჭავაძე ვეღარ დაამთავრებს...
ვაჟა ჯანელიძე

„ძეგლი თაბაშირში მთლიანად ჩამოსხმულია. ბოლო ეტაპია დარჩენილი... დაფინანსების პრობლემა არაა, ყველაფერს აკეთებენ. უბრალოდ, დროში გაიწელა ეს. საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესი გამოდგა. 11 აგვისტოს შინდისში იქნება მაგაზე სერიოზული საუბარი. სასაყვედურო არავისზე არაფერი მაქვს. პირიქით, ხელშეწყობის მეტი არაფერი მქონია. ძალიან რთული პროექტი გამოდგა, სწორად გამიგეთ“, - განაცხადა ნუგზარ ჭავჭავაძემ.

რას ამბობენ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები

დაღუპული ირაკლი ჯანელიძის მამა, ვაჟა ჯანელიძე, გაბრაზებულია. ის, ყოველ წელს, ამ მონუმენტის დადგმას ელოდება. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროში დაუძახეს და უთხრეს, რომ ახალ წლამდე ეს საქმე ბოლოში გავა. ვაჟა ჯანელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძეგლი ოჯახებმა დაიწუნეს, უარყოფს.

„ვიყავით ჩვენ თავდაცვაში, შეიცვალა მოქანდაკე და უმოკლეს დროში დაამთავრებს სხვაო. ვის გადასცეს, არ ვიცი. მე როგორც ვიცი, ჭავჭავაძე ვეღარ დაამთავრებს. ახალ წლამდე დავასრულებთო, ასე გვითხრეს თავდაცვაში. ისევ ისეთი იქნებაო, მაგაზე ჩაგვიყვანეს ზუსტად მშობლები და ჩვენ დავთანხმდით ისევ იმ პროექტზე, რომელიც წარმოდგენილია და ეგ რომ შენარჩუნდეს. ჭავჭავაძესათან რაღა უნდა დავილაპარაკოთ? 13 წელია, აკეთებს და მეტი რაღაზე უნდა დავილაპარაკოთ? მასხრად გვიგდებს, თუ რა ხდება, არ ვიცი. არ ვიცი რა ვილაპარაკო. ამხელაზე თუ მაგი გაიწელებოდა, სულ რომ არ დაგვეწყო, მაგი ჯობდა, ალბათ“, - ამბობს შეწუხებული ვაჟა ჯანელიძე.

ახალ კონცეფციაზე მუშაობენ და ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია მხოლოდ...
ნიკა მოლოდინაშვილი

შინდისის გმირ ალეკო ონიანის და, ელენე ონიანი, ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. მისთვის ახლა მთავარი ისაა, რომ მონუმენტი აუცილებლად დაიდგას.

„ჩვენ ვიცით, რომ უნდა გაგრძელდეს და გაკეთდება აუცილებლად და ზუსტად იმ სახის იქნება, როგორც პროექტშია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეგვხვდა და პირობა მოგვცა, რომ აუცილებლად დასრულდება, მაგრამ ვინ დაასრულებს და როგორ, ეგ არ ვიცი. თავდაცვაში თვითონვე ამბობდნენ, სირცხვილია, რომ ამდენ ხანს გაგრძელდაო. ორიოდე კვირის წინ იყო შეხვედრა, მანამდეც მემორიალთან დაკავშირებით კონტაქტი სულ გვქონდა. როგორც ვიცი, თანხებიც ჩარიცხულია მოქანდაკისთვის და მისთვის ტექნიკით დახმარებაზეც უარი არასოდეს უთქვამთ. ვიცით, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა და ვიცით, რომ აუცილებლად გაგრძელდება“, - ამბობს ელენე ონიანი,

რას ამბობს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მუშაობა გაგრძელდება.

„ახალ კონცეფციაზე მუშაობენ და ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. კომუნიკაცია არსებობს ოჯახებთან და განიხილება ახალი ვარიანტი. მსჯელობის თემაა და გეტყვით, როგორც კი სიახლე იქნება“, - გვეუბნება ნიკა მოლოდინაშვილი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროდან რადიო თავისუფლებას წერილობით აცნობეს, რომ მემორიალის მშენებლობაზე პასუხისმგებელ ფონდთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვთ და ამ მიზეზით სასამართლოში ვერ უჩივიან. უწყება განმარტავს, რომ ახლა თავდაცვის სამინსიტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიება შესაძლო თაღლითობის გამო დაიწყო.

მემორიალის ასაშენებლად სულ 1 160 000 ლარი შეგროვდა. ამ თანხიდან 930 ათასი ლარი (2018 წლის 27 თებერვალი - 100 000 ლარი, 2018 წლის 13 ივლისი - 530 000 ლარი, 2018 წლის 8 ნოემბერი - 300 000 ლარი) თავდაცვის სამინისტრომ გამოყო, დარჩენილი 230 ათასი კი სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ფიზიკურმა პირებმა შეაგროვეს.

"გამოძიება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეიცვლება თუ არა მოქანდაკე, გაკეთდება თუ არა მონუმენტი ახალი კონცეფციით? ორი ოჯახის წარმომადგენელი ამბობს, რომ ძეგლი პირველადი პროექტის მიხედვით დაიდგმება. მოკლედ, ამ გაჭიანურებული მემორიალის საქმეში ბუნდოვანი მომენტები ჯერ ისევ არის. 11 აგვისტოს შინდისში კიდევ ერთხელ შეიკრიბება ყველა ერთად და, ალბათ, მეტი დეტალი და ინფორმაცია გახდება ცნობილი.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

12 წელია, ყოველ 11 აგვისტოს დაღუპულთა ოჯახის წევრები სოფელ შინდისში იკრიბებიან.

მასალა განახლებულია თავდაცის სამინისტროდან მიღებული წერილობითი კომენტარის შემდეგ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG