Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GWP აბონენტების საჩივრით 75 ათასი ლარით დააჯარიმეს


თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია - შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აბონენტების საჩივარი დღეს, 12 აგვისტოს განიხილა და კომპანიას სალიცენზიო პირობების დარღვევა დაუდგინა.

როგორც კომისიამ გამოარკვია, კომპანია მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე თვის დაგვიანებით. გარდა ამისა, აბონენტების საჩივარში აღნიშნული იყო, რომ რიგ შემთხვევაში 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობები დაანგარიშდა ახალი, გაზრდილი ტარიფით და არა გახარჯვის დროს მოქმედი საფასურით.

"სემეკის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მრიცხველიანი მომხმარებლების უმეტესობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს", - აღნიშნავენ კომისიაში.

კომპანიას ჯარიმის გადასახდელად 10-დღიანი ვადა აქვს. კომისიამ კომპანია გააფრთხილა, რომ დარღვევის ხელახლა აღმოჩენის შემთხვევაში GWP ისევ დაჯარიმდება.

XS
SM
MD
LG