Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი მელქისედეკი ანტივაქსერების წინააღმდეგ გამოდის და მრევლს სთხოვს აცრა გაიკეთოს


ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) „ფეისბუკის" პირად გვერდზე იუწყება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც ის აღნიშნავს, მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს უფლება, საკუთარი აზრის გაზიარების.

„სულ ახლახან ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა", - წერს ეპისკოპოსი.

მელქისედეკი ანტივაქსერთა წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს: „ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების. დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა - დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება - ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად".

მღვდელმთავარი დასძენს: „ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი".

სასულიერო პირის განცხადებით, მან თავადაც გადაიტანა COVID - 19.

10 აგვისტოს საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 466 326 შემთხვევა. მათგან 412 420 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6279 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG