Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი ბოდიშის მოხდას ითხოვს მოსკოვისგან ელჩ ჯაგარიანის ფოტოსთვის, ირანელებს ოკუპაციას რომ ახსენებს


ლევან ჯაგარიანი და საიმონ შერკლიფო
ლევან ჯაგარიანი და საიმონ შერკლიფო

თეირანში რუსეთის ელჩი ლევან ჯაგარიანი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის ახალ ელჩთან, საიმონ შერკლიფოსთან ერთად გადაღებული ფოტოსათვის, რომელმაც ირანელებს გაახსენა საბჭოთა და ბრიტანული ინტერვენცია, რომელიც შაჰის დამხობითა და ოკუპაციით დასრულდა.


საუბარია ირანში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ჯაგარიანისა და შერკლიფოს ფოტოსურათზე, რომელიც კომპოზიციურად იმეორებს 1943 წლის თეირანის კონფერენციის დროს გადაღებულ ფოტოს. მასზე საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელი ლიდერები - იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი კიფის საფეხურზე სავარძლებში სხედან.


ტვიტერის ირანელი მომხმარებლები ელჩების ფოტოზე გაკეთებულ კომენტარებში აცხადებენ, რომ ის მათ კოლონიალურ წარსულს ახსენებს. საბჭოთა კავშირი და ირანი 1941 წლის აგვისტოში ერთდროულად შეიჭრნენ ირანში, აიძულეს შაჰი რეზა ფეხლევი უარი ეთქვა ტახტზე და 1946 წლამდე ოკუპირებული ჰქონდათ ქვეყანა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯავდ ზარიფმა, ელჩების ფოტოს უწოდა „შეუფერებელი“ და განაცხადა, რომ „ირანელმა ხალხმა აჩვენა, რომ მისი ბედი აღარასოდეს არ იქნება დამოკიდებული უცხოეთის რომელიმე საელჩოსა თუ უცხოეთის ქვეყნის გადაწყვეტილებაზე“.


რუსეთის საეჩომ ირანში მოგვიანებით ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „ფოტოგრაფიას არ აქვს ანტიირანული კონტექსტი“. მაგრამ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ბოდიში არ მოუხდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG