Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 რამ, რაც ვირუსთან ბრძოლისას ამაო აღმოჩნდა


გამშვები პუნქტი მცხეთასთან, 2020 წელი
გამშვები პუნქტი მცხეთასთან, 2020 წელი

12 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამი კვირით გააჩეროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს - როგორ მივლენ მოქალაქეები, მაგალითად, ამცრელ პუნქტებამდე ტრანსპორტის გარეშე?!

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არ არის ერთადერთი სადავო გადაწყვეტილება, რომელიც პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე მიიღო ხელისუფლებამ. მრავალთვიან კომენდანტის საათს, ერთეულ შემთხვევებზე ჩაკეტილ ქალაქებსა და ქუჩების სადეზინფექციო სითხეებით მორეცხვას ასევე მწვავე კრიტიკით პასუხობდა საზოგადოება.

ვირუსის მართვა და შეზღუდვები ამ დრომდე ქაოტური და რიგ შემთხვევებში არალოგიკური ან არაეფექტიანია. ქვეყანას არ გააჩნია მკაფიო კრიტერიუმები, რომლითაც შეზღუდვებს მოხსნის ან შემოიღებს - ივლისის ბოლოს წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიამ საშიში პრეცედენტი შექმნა წესების დამრღვევებისთვის, წესების დამცველებს კი უსამართლობის განცდა გაუჩინა.

შეცდომები პანდემიის დროს თითქმის ყველა ქვეყანამ დაუშვა, და ყველგან პანდემიის დროს დაშვებულ შეცდომებს ხშირად ადამიანების სიცოცხლის ფასი ჰქონდა. საქართველო, რომელმაც ვერც მწყობრი მართვა შეძლო ეპიდემიოლოგიური ვითარების და ვერც გამოცდილების სიძლიერედ ქცევა, ამ დრომდე სუსტი და ქაოტური მმართველობით და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ.

ამ მასალაში ვიხსენებთ სადავო შეზღუდვებს და ეპიდემიასთან ბრძოლის სახელით გატარებულ არაეფექტიან ღონისძიებებს.

1. მარნეულში გახსნილი საველე ჰოსპიტალი, რომელსაც არასდროს უმუშავია

მარნეულის ცენტრში საველე ჰოსპიტალი მას შემდეგ გაიხსნა, რაც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ერთი თვით ჩაიკეტა. იმ მომენტისთვის საქართველოში სულ 61 ინფიცირებული ადამიანი იყო. მარნეულის საველე ჰოსპიტალი, რომელიც 2021 წლის 23 მარტს გაიხსნა, აპრილის დასაწყისში აიღეს.

2. Stopcov ფონდის შექმნა, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო თანხები უნდა შეეგროვებინა

2020 წლის გაზაფხულზე შექმნილმა ფონდმა 1 კვირაში 9 მილიონი ლარი მოაგროვა - ამ ფონდის ხარჯვის გამჭვირვალობა მომდევნო თვეებში სალაპარაკო თემად იქცა. საბოლოოდ, ფონდი ფინანსთა სამინისტროს ნაწილი გახდა, ფული კი ბიუჯეტში წავიდა და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ერთჯერად დახმარებად დარიგდა.

3. ქუჩების მორეცხვა

პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა ინფიცირებულების რაოდენობა 100-იც კი არ არის, თბილისში ღამით ქუჩების მორეცხვა იწყება - ამ მიზნით საგანგებო სამსახურის ათობით მანქანაა მობილიზებული. ივნისში გაირკვევა, რომ თბილისის მერიამ ჩაკეტილ ქალაქში ქუჩების რეცხვისთვის სარეზერვო ფონდიდან 83 000 ლარი დახარჯა. თბილისის მაგალითს სხვა ქალაქებიც გადაიღებენ - ქუჩების მორეცხვაზე ათასობით ლარი იხარჯება.

4. რობოტი პეპერი, რომელიც სავაჭრო მოლებში სიცხეს ზომავდა

„ჩემი დამხმარე, რობოტი "პეპერი", გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ახლა სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაშიც და ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში“, - ასე გააცნო საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი, რომელიც პრეზენტაციისას რამდენჯერმე წაბორძიკდა 2020 წლის ივნისში. შემდეგ რობოტი რამდენჯერმე სავაჭრო მოლებში გამოჩნდა მოქალაქეებისთვის სიცხის გასაზომად. მისი სიცოცხლე და აქტუალობა ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულთა საპოვნელად შექმნილი აპლიკაციისა.

5. Stop Covid აპლიკაცია, რომელმაც 1 წელიც ვერ „იცოცხლა”

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი მობილური აპლიკაცია STOP COVID 16 აპრილს ამოქმედდა. აპლიკაციას უნდა ეპოვა კოვიდინცირებულები მისი მომხმარებლების სიახლოვეს და ეჩვენებინა მათი გადაადგილების ტრაექტორია იმისათვის, რომ ჯანმრთელი ადამიანები ფრთხილად ყოფილიყვნენ.

STOP COVID აპლიკაციაში 412 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა და მისი დეაქტივაცია 2021 წლის იანვარში ისე მოხდა, რომ სამინისტროს არ უთქვამს, რამდენად ეფექტიანი იყო აპლიკაცია და რამდენმა ადამიანმა გამოიყენა ის არსებობის განმავლობაში.

აპლიკაციის „სიცოცხლეში” დისკუსიის საგანი იყო პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი, რომელსაც მომხმარებლები მას გადასცემდნენ.

6. ქალაქების შესასვლელებში - პოლიცია და ჯარი

პანდემიისას პირველი საყოველთაო კარანტინი და პირველი კომენდანტის საათი მაშინ ამოქმედდა, როცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია. 2020 წლის მარტში, კომენდანტის საათის ამოქმედებისა და საყოველთაო კარანტინის გარდა, 7 ქალაქში მოეწყო გამშვები პუნქტები. მოსახლეობის ქალაქებს შორის გადაადგილებას პოლიცია და ჯარი აკონტროლებდა, დეზინფექციას უტარებდა მანქანებს და სიცხეს უზომავდა მგზავრებს. მხოლოდ პანდემიის პირველი 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩართული იყო 4 800 სამხედრო მოსამსახურე.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 1 718 016 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 532 937 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი.

7. პირბადეების ეროვნული წარმოების დაწყება

2020 წლის აპრილში საქართველომ პირბადეების დეფიციტის შესავსებად მარლის პირბადეების წარმოება დაიწყო. პაატა იმნაძე მოქალაქეებს, რომლებიც ამ წამოწყებას სოციალურ ქსელებში დასცინიან, ეუბნება, რომ ამგვარი პირბადეებით მუშაობდნენ შავი ჭირის დროსაც.

მარლის პირბადეებს საქართველოში, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით რამდენიმე სამკერვალო კერავდა.

8. ონლაინვაჭრობის აკრძალვა

პანდემიის დროს დაწესებული პირველი საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დროს, აპრილსა და მაისში აიკრძალა არა მხოლოდ მოლებსა და ბაზრებში, არამედ ონლაინვაჭრობა. რამდენიმე თვის განმავლობაში ონლაინ მხოლოდ საკვები იყიდებოდა.

დაკეტილია ელიავას ბაზრობა, 2020 წელი, მაისი
დაკეტილია ელიავას ბაზრობა, 2020 წელი, მაისი

9. მანქანის წინა სავარძელზე მგზავრის ჯდომა

პანდემიის საწყის ეტაპზე, მობილობის შესამცირებლად, მთელ ქვეყანაში მოქმედებდა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ერთ ავტომობილში 3 პირზე მეტის ჯდომა არ შეიძლებოდა. აკრძალული იყო ასევე მძღოლის გვერდზე, წინა სავარძელზე მგზავრის ჯდომა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის მძღოლის ოჯახის წევრი იქნებოდა. ტაქსებში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნაზე შეზღუდვა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

10. ერთეული შემთხვევების გამო ჩაკეტილი ქალაქები და რეგიონები

2020 წლის აგვისტოში 17 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საკარანტინო რეჟიმი დაწესდა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში. მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა, ასევე, სოფლებს შორის გადაადგილება იკრძალება. მესტიაში შესვლა-გამოსვლას პოლიცია აკონტროლებს, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, ვალდებულია, კარანტინი გაიაროს. სვანეთის გარდა ანალოგიურ რეჟიმში ცხოვრება მოუწია სხვადასხვა დროს ბოლნისის, თეთრიწყაროს, ლენტეხის, გარდაბნის, ცაგერის მუნიციპალიტეტებს.

ჩაკეტილი მარნეული, 2020 წლის მარტი. მარნეული და ბოლნისი პირველი ქალაქები იყო, რომელიც თითო თვით ჩაიკეტა მაშინ, როცა ქვეყანაში ჯამში 100 ინციფირებულიც კი არ იყო დაფიქსირებული
ჩაკეტილი მარნეული, 2020 წლის მარტი. მარნეული და ბოლნისი პირველი ქალაქები იყო, რომელიც თითო თვით ჩაიკეტა მაშინ, როცა ქვეყანაში ჯამში 100 ინციფირებულიც კი არ იყო დაფიქსირებული

11. „კომენდანტის საათი” თითქმის მთელი წელი

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა და ის 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებდა. ამ დროის განმავლობაში ერთხელ შეიცვალა კომენდანტის საათის მოქმედების ხანგრძლივობა - ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადილება თუ თავიდან აკრძალული იყო 21:00-დან 05:00 საათამდე, 2021 წლის 1 ივნისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00-მდე.








დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG