Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდეს, ვაქცინებით დახმარება რუსეთის გარდა სხვებსაც სთხოვოს


ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები იცრება რუსული ვაქცინა "სპუტნიკით"

აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო მთავრობას მიმართეს, გაეროს სტრუქტურებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებსაც სთხოვოს ვაქცინები, რომლებმაც კოვიდინფექციის წინააღმდეგ თავისი ეფექტიანობა აჩვენა.

აფხაზური საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ აფხაზეთში ვაქცინაციის პრობლემა გადაწყდებოდა რუსული „სუპტნიკ V“-ის დახმარებით, თუმცა, საკმარისი დოზებით მოსახლეობის უზრუნველყოფა რთული აღმოჩნდა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად მიმდინარე ვაქცინაციის ტემპი ვერ გადაწყვეტს მთავარ პრობლემას - აფხაზეთში ვირუსის სასიკვდილო გავრცელებას, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ისმის ამ საკითხით საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის წინადადება. საკუთარ ვალად ვთვლით, მოვუწოდოთ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას, თხოვნით მიმართოს რუსეთის ფედერაციასაც და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და გაეროს სხვა სტრუქტურებს და ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, მოსახლეობის დასაცავად აფხაზეთს მისცენ ვაქცინები, რომლებმაც თავისი ეფექტიანობა აჩვენეს“.

მიმართვას, რომელიც სააგენტო „აფსნიპრესის“ საიტზეც გამოქვეყნდა, ხელს აწერს სხვადასხვა პროფესიის 60 ადამიანი, მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტები ელენა ზავოდსკაია და ანაიდ გოგორიანი.

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს აპრილის ბოლოს გაუგზავნა ორდოზიანი ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის 6500 დოზა და აგვისტოს დასაწყისში, ერთოზიანი „სპუტნიკ ლაითის“ 5000 დოზა.

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთ სთავაზობს აცრას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ივლისის დასაწყისში გახსნა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი და გალის რაიონის მცხოვრებთ მისცა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აცრის შესაძლებლობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე კლინიკაში ვაქცინა უკვე გაიკეთა ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულმა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად მძიმე ეპიდსიტუაციაა. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსახლეობა არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, უსიმპტომო ინფიცირებულები კი მასობრივ ღონისძიებებს ესწრებიან და ვირუსს ავრცელებენ. ბუთბას თქმით, აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება, მათ შორის, მასობრივი კულტურული და საზეიმო ღონისძიებების სრულად აკრძალვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და ბაზრებისა და კვების ობიექტების მუშაობის შეზღუდვა.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 23 387 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 340 ადამიანი. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG