Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისს დაშავებული დავით ფარადაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მის მკურნალობას სათანადოდ არ უზრუნველყოფს


დავით ფარადაშვილი 20 ივნისის ღამეს
დავით ფარადაშვილი 20 ივნისის ღამეს

20 ივნისს დაშავებული დავით ფარადაშვილი, რომელსაც "გავრილოვის ღამეს" თავის ქალა ტყვიის ჭურვმა დაუზიანა და ერთ მხარეს კიდურები პარალიზებული აქვს, წუხს, რომ სახელმწიფო მას არასათანადო ყურადღებას აქცევს და არ უფინანსებს რეაბილიტაციის კურსს, რომლის შეუფერხებლად გავლა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ დრომდე მკურნალობით მიღებული შედეგი არ დაეკარგოს.

დავით ფარადაშვილმა გერმანიაში რამდენიმე ოპერაციისა და რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ მკურნალობა თბილისში, ჯენ ვოლკერის კლინიკაში დაიწყო, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ყოველდღიურად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტების მიღება, რომლის მარაგიც უთავდება. რეაბილიტაციის კურსი კი, რომელსაც ის გადის, თვეში სახელმწიფოს დაახლოებით 8 000 ლარი უჯდება.

"გერმანიაში რომ ვიყავი, 80 000 ევრო გადაიხადეს 3 თვის პროგრამაში. მესმის, რომ ეს ბევრი ფულია და არ მაქვს პრობლემა, აქ რომ ჩამიტარდეს რეაბილიტაცია. აქაც ძალიან კარგი ექიმები არიან და კარგი შედეგები მაქვს. უბრალოდ, იმის გამო, რომ ჩემს დეპოზიტზე მეტი თანხა აღარ იყო, გუშინწინ მომიწია კლინიკის დატოვებამ.

ჩემმა ექიმმა აქ მითხრა, რომ მჭირდება კვლევები ფარისებრ ჯირკვალზე, ნეიროფსიქოლოგთან მჭირდება კონსულტაციები, კიდევ არის სხვა რაღაცეები. ჩემი მდგომარეობა ისეთია, რომ მუდმივად მჭირდება ექიმის მეთვალყურეობა. ესენი მეკითხებიან, რამდენი ხანი დამჭირდება მკურნალობა, რა დაჯდება და როდის გამოვკეთდები - მაგას მე როგორ ვეტყვი, ექიმებიც ვერ მეუბნებიან მაგ კითხვებზე პასუხს. გერმანიაში მაგალითად პროფესორებმა მითხრეს, რომ შეიძლება კიდევ წლები დამჭირდეს და თუკი მკურნალობა შეფერხდება, ეს პროცესი უფრო გაიწელება. შეხვედრაზეც არ მოდიან, რომ ავუხსნა ეს ყველაფერი", - ამბობს დავით ფარადაშვილი. მას ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. დაზიანებების გამო ვერც მუშაობას ახერხებს - მისი ერთადერთი შემოსავალი 250-ლარიანი პენსიაა. გადაადგილების სირთულეების მქონე შვილს ასევე პენსიონერი დედა ეხმარება თავის მოვლაში.

"ჩვენ არც უარი გვითქვამს მკურნალობის გაგრძელებაზე, არც თანხმობა. ვუთხარით, რომ ვინაიდან მკურნალობა დაასრულა, უნდა გავესაუბროთ რეაბილიტაციის ცენტრს და გავიგოთ, როგორი იქნება მისი მკურნალობის ტაქტიკა. რეაბილიტაცია, რომელიც მან მოითხოვა, დაჯდა კონკრეტული თანხა. მან თვითონ მოიტანა ხარჯთაღრიცხვა, საბუთები და ზუსტად ის, რაც წარადგინა, დაუფინანსდა. ახლა დაასრულა, მოითხოვა გაგრძელება და ამისთვის საჭიროა გავარკვიოთ, კიდევ ჭირდება თუ არა, რამდენ ხანს დაჭირდება. მესმის, რომ უნდა, მაგრამ საკითხი ხომ უნდა გავარკვიოთ, კომუნიკაცია უნდა შედგეს, რომ გავერკვეთ რაშია საქმე. რაც წარმოადგინა, დავაფინანსეთ, ეს ადამიანი კიდევ ითხოვს", - უთხრა რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელმა. სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს ეს უწყება კურირებს 20 ივნისს დაშავებულთა მკურნალობის საკითხს მას შემდეგ, რაც ფონდმა "ქართუმ" შეწყვიტა მათი დაფინანსება და სახელმწიფოს გადააბარა დაშავებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

დავით ფარადაშვილი გვიხსნის, რომ ერთი თვის ხარჯთაღრიცხვა იმიტომ წარადგინა, რომ ასე მოითხოვეს და არა იმიტომ, რომ ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსი იქნებოდა მისთვის საკმარისი. ფარადაშვილს, გარდა ფიზიკური დაზიანებებისა, დაქვეითებული აქვს კოგნიტური უნარებიც - მუდმივი ზრუნვა, რომელსაც ის საჭიროებს, გულისხმობს მისი მკურნალობის დაგეგმვასაც. დავით ფარადაშვილი თითქმის ორი წლის განმავლობაში ერიდებოდა საჯარო განცხადებებს და იზღუდავდა მედიასთან კონტაქტს იმის შიშით, რომ სახელმწიფოს მის დაფინანსებაზე უარი არ ეთქვა.

დავით ფარადაშვილი 20 ივნისის ერთადერთი დაზარალებული არ არის, ვისაც პრობლემები აქვს მკურნალობაზე. იმავე პრობლემების წინაშე სხვადასხვა დროს დამდგარან ან დგანან 20 ივნისის სხვა დაშავებულებიც.

მაგალითად, კობა ლეთოდიანი, რომელმაც 20 ივნისის შემდეგ უსინათლოდ იქცა, ამ დრომდე ელის თარიღს, როცა შეძლებს ისრაელში სამკურნალოდ წასვლას. მისთვის დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მკურნალობისთვის საჭირო თანხა გამოიყო, მაგრამ ახლა გამწვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარება უშლის ხელს.

ყურადღების მისაქცევად საჯარო განცხადებები დასჭირდათ სხვა დაზარებულებსაც, მათ შორის, მაკო გომურსაც - რომელსაც თვალის პროთეზი გაუტყდა და გერმანიაში არაგეგმური წასვლა მოუწია 2021 წლის გაზაფხულზე.

XS
SM
MD
LG