Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აღარაფერი იქნება ისე, როგორც 20 ივნისამდე" - მაკო, ნათია, კობა, ლალი, გიორგი და დათო 2 წლის შემდეგ


20 ივნისიდან ორი წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო 22 დაშავებულის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. 

საქართველოს ახლა მოუწევს ევროპულ სასამართლოს გაუგზავნოს გამოძიების მასალები და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს, მათ შორის იმას, მოექცა თუ არა ქართული პოლიცია მოქალაქეებს არაადამიანურად და დამამცირებელად 2019 წელს 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს 20 ივნისის მოვლენებზე, დღეს ოპოზიციაშია და ახალ პარტიას აყალიბებს. გიორგი გახარია არჩევნებისთვის ემზადება, მისი გუნდის ყოფილი წევრები ხელისუფლებაში კი დღესამბობენ, რომ გახარიამ ორი წლის წინ ოპერაცია კარგად არ დაგეგმა და ძალას გადაჭარბა. როცა სამოქალაქო სექტორი ამას ამბობდა, ხელისუფლება არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ პარლამენტზე შტურმს სხვაგვარად ვერ მოიგერიებდა.

ოპოზიცია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ თვეების მანძილზე აქციებს მართავდა, დღეს თანახმაა დამნაშავეებს ამნისტია შეეხოთ და დაზარალებულებს კომპენსაციის გაცემას ჰპირდება. დაშავებულები პოლიტიკურ გარიგებებს სკეპტიკურად უყურებენ და თავს მოტყუებულად გრძნობენ იმის გამო, რომ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულების ამინისტიას ოპოზიცია მათთან შეუთანხმებლად დათანხმდა. სახელმწიფო ათეულობით დაშავებულიდან მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო პირს აღიარებს დაზარალებულად მაშინ, როცა ეს სტატუსი მალევე მიანიჭა 80-ზე მეტ პოლიციელს.

20 ივნისს დაშავებულები შეფერხებით იღებენ იმ სამედიცინო დახმარებას, რაც სასიცოცხლოდ ჭირდებათ და ამ დრომდე უშედეგოდ ელიან, რომ სახელმწიფო აღიარებს მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულს. 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულის არაღიარებამ და გამოუძიებლობამ ქვეყანა ხანგრძლივ კრიზისში შეიყვანა - პოლიტიკური კრიზისის გარდა სახეზეა ნდობის კრიზისიც. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება არ აღიარებს არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რამაც არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, 20 ივნისის მოვლენებმა მას მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიაყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

პოლიტიკური განხილვებისა და დაპირისპირების მიღმა ანტისაოკუპაციო აქციაზე მისული მშვიდობიანი დემონსტრანტების იმედგაცრუებით და ტკივილით სავსე 2 წელია. ადამიანები, ვინც თვალი ან თვალის ჩინი დაკარგა, თავის არეში ტრავმა მიიღო და ვისაც ხანგრძლივი და რეგულარული, ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ცდილობენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და ხვდებიან, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო 20 ივნისამდე. ისინი ებრძვიან დეპრესიას, შფოთვას, ცდილობენ დაარწმუნონ თავი რომ კვლავ შეუძლიათ სწავლა და მუშაობა, დამოუკიდებლად სახლიდან გარეთ გასვლა. ისინი ცდილობენ არ დაკარგონ იმედი, რომ ერთ დღესაც სიმართლე გაიმარჯვებს და გაიგებენ ვინ გასცა ბრძანება გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები მათ წინააღმდეგ და ამ რთულ გზაზე ხშირად ფიქრობენ რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, საზოგადოებასაც არ ესმის მათი ტკივილის და სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელობა.

მაკო გომური

მაკომ ბოლო 2 წელიწადში 6 ოპერაცია გაიკეთა. ბოლოს გერმანიაში წელს გაზაფხულზე იყო ჩასული, თვალის პროთეზი გაუტყდა და ახალი გახდა საჭირო. ისევ მიდის ოქტომბერში - მომდევნო ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

“აქამდე რომ ვიღაც მკითხავდა, “შენ ის გოგო არ ხარ?”, ვერ ვეუბნებოდი რომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი და მეგონა რომ აუცილებლად უნდა მეპასუხა მისთვის. რამდენიმე დღის წინ ტაქსიში ჩავჯექი, მძღოლმა მიცნო და რომ მკითხა “შენ ის გოგო არ ხარო”, ვუპასუხე არათქო და გავჩუმდი. მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ ვიყო მხოლოდ ის გოგო, მივივიწყო ეს 20 ივნისი და მაგის გარეშე დავიწყო ცხოვრება. ორი წელია ამით ვცხოვრობ, ორი წელია ვარ გოგო, რომელსაც დათხარეს თვალი და ეს იმდენად ცუდად მოქმედებს, რომ ძალიან მინდა არ ვიყო გოგო, რომელსაც დათხარეს თვალი და ვიყო ჩვეულებრივი სტუდენტი გოგო. თავიდან ამაზე არ ვფიქრობდი, ერთი წლის წინ რომ გეკითხათ გეტყოდით, რომ ამაზე ლაპარაკი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მერე მივხვდი, რომ არ მინდა ჩემ თავთან ის გოგო ვიყო, რომელსაც თვალი ამოთხარეს. კომპლექსი არ არის, უფრო დაღლის შედეგია ალბათ” - ამბობს მაკო, რომელიც 20 ივნისის “ყველაზე ცნობილი” დაზარალებულია. აქციის დარბევიდან მალევე გამოჩნდა მაისურები, რომელზეც ის იყო დახატული მწვანე ყურსასმენით, როგორც აქციის ღამეს, ქუჩაში ნახატები. თვითონაც ყველაზე თვალშისაცემად აქტიურობდა, წერილი მიწერა გიორგი გახარიას, გამოდიოდა აქციებზე, ითხოვდა გამოძიებას, ყურადღებას, სამართალს. წელს მაკოს ნაცვლად ძირითადად მისი უფროსი და ლაპარაკობს.

“მეორე ჩემი თავი მეუბნება რომ დაიღალე, აღარ გინდა ეს ყველაფერი, დაანებე თავი და გაჩერდი და პირველი ჩემი თავი პასუხობს, რომ რატომ უნდა შერჩეს ვიღაცას რაღაცა. ორი წელია გასული და არაფერი არ არის შეცვლილი უკეთესობისკენ, საერთოდ არაფერი არ არის, ხვდები?! თუ რამე იცვლება, ისიც უარესობისკენ. ვიღაც ამინისტიაზე იწყებს ლაპარაკს, გახარია თავის გუნდს ქმნის, ხალხმაც თითქოს მიივიწყა და ეს ყველაფერი თითქოს გაიძულებს იფიქრო, რომ 20 ივნისის არც ერთი დამნაშავე არ დაისჯება.

ფიზიკურად ცალი თვალით ცხოვრებას უკვე მივეჩვიე, ვიცი რომ ორი თვალი ვეღარასოდეს მექნება, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ალბათ მთელი ცხოვრება ვერ შევეგუები და ვერ მივიღებ. ეს არ უნდა მომხდარიყო და მოხდა. ვერ ჩავყლაპავ”- ისე ამბობს მაკო, თითქოს თავის თავს ელაპარაკება.

პროკურატურაში გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად მხოლოდ ორჯერ დაიბარეს - დაზარალებულთაგან ის იშვიათი გამონაკლისია, ვისაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს იმის გარდა, რომ სახელმწიფომ ამ ფორმით აღიარა მისთვის მიყენებული ზიანი. არც გამოძიების მასალებზე წვდომის უფლება მისცა დაზარალებულის სტატუსმა და არც დაცვის რაიმე მექანიზმი. ისევ სუპერმარკეტში მუშაობს, როგორც 20 ივნისამდე და ცდილობს სწავლის გაგრძელება შეძლოს.

მაკო გომური: 20-მა ივნისმა ამირია ყველაფერი
please wait

No media source currently available

0:00 0:10:17 0:00

“იმდენი ტკივილის, შიშის, სტრესის გადატანამ მომიწია, ახლა საერთოდ აღარ მეშინია. ექიმის აღარ მეშინია, ჭრილობების აღარ მეშინია, პოლიციელებისაც კი აღარ მეშინია. ახლა მგონია რომ ვეღარავინ ვერ მომერევა და ყველა პრობლემას მოვაგვარებ. დიდი და ძლიერი გოგო გამხადა ამ ყველაფერმა - შეიძლება ერთი ეგ ქონდეს დადებითი” - ამბობს მაკო.

ნათია და კობა ლეთოდიანები

ნათია, კობა ლეთოდიანის შვილი და მოძრაობა “დროას” წევრია. კობამ ერთ თვალში მხედველობა აფხაზეთში ომში დაკარგა, მეორე გადარჩენილ თვალში რეზინის ტყვია 20 ივნისის ღამეს მოხვდა. ნათია ამბობს, რომ პოლიტიკა სულ აინტერესებდა, მაგრამ “გავრილოვის ღამის” მერე მიხვდა რომ კიდევ უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო. უნდა იბრძოლოს მამისა და სხვა დაშავებულებისთვის, ოკუპაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ. პარლამენტშიც თვითონ დადის მამის მაგივრად 20 ივნისსზე სასაუბროდ, ექიმებსაც ნათია ელაპარაკება და სხვა დაზარალებულებსაც ნათია ამხნევებს.

“პირველი წელი დათრგუნული ვიყავი. თითქმის მთელი წელი კლინიკებში გავატარეთ. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა, ვიდრე მხოლოდ მამაჩემზე ზრუნვაა. მთავარი ფაქტორი იყო გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა. ჩემი პირველი აქცია 20 ივნისის მერე იყო გახარიას პარლამენტში პრემიერად დამტკიცების დღეს, მანამდე იმდენად მძიმედ ვიყავი ემოციურადაც და ფსიქოლოგიურადაც, გარეთ საერთოდ არ გამოვდიოდი. ამ დღეს მივხვდი, რომ ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოვა. ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ადამიანები და თუ არ იბრძოლე არც მამაშენი აინტერესებს ვინმეს და არც სხვა თვალდათხრილი ახალგაზრდები, ვისთანაც უკვე ვმეგობრობ და ერთი სატკივარი გვაქვს და ერთი დღის წესრიგით ვცხოვრობთ ბოლო ორი წელია. ამის მერე ყოველდღე ვმუშაობდი იმაზე, რომ უკეთესი კომუნიკაცია გვქონოდა სახელწმიფოსთან დაფინანსებაზე, ღიად ელაპარაკათ დაზარალებულებს, ვინც მანამდე ჩუმად ყოფნას არჩევდა თავის პრობლემებზე, სულ შეგვეხსენებინა ხელისუფლებისთვის, რომ არსებობენ ადამიანები, ვისი ჯანმრთელობაც ოკუპანტთან ბრძოლას შეეწირა. პარალელურად მსოფლიოს მასშტაბით ვეძებ მკურნალობის სად რა მეთოდს იყენებენ და სად არის შესაძლებელი ასე დაზიანებული თვალების განკურნება” - გვიყვება ნათია. კობას ნაცვლად ის ლაპარაკობს. კობას არ უყვარს ლაპარაკი და იმისაც დიდად არ სჯერა, რომ ან ხელისუფლებას ან ოპოზიციას მისი სატკივარი ესმის. პოლიტიკოსებით ნათიაც იმედგაცრუებულია.

“ამნისტიაზე რომ ლაპარაკობდნენ ტელევიზორში, კობა ადგა, ხელი ჩაიქნია და მეორე ოთახში გავიდა. მერე მითხრა, რა აზრი აქვს ამათთან ლაპარაკსო. მეც გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ამნისტიაზე ისე დათანხმდნენ არც კი იცოდნენ რამდენს აქვს დაზარალებულის სტატუსი, რამდენს დაუზიანდა თვალი, რამდენია სულ დაშავებული. ჩვენ მარტო დავრჩით ამ ბრძოლაში. ახლა მაგალითად მარტო დაზარალებულები ვაკეთებთ აქციას და ველოდებით მხოლოდ იმას, ვისაც ახსოვს 20 ივნისი და იცის, რომ რაც მოხდა ის დაუშვებელია. ამ პროცესში ჩვენთვის ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ მხარეს აღმოჩნდა, ჩვენგან განსხვავებულ მხარეს” - ამბობს ნათია და კმაყოფილი ისხენებს, როგორ აჩვენა მამას ამინისტიის კანონზე მსჯელობისას მისი გამოსვლა პარლამენეტში საკომიტეტო მოსმენაზე. კობას ნათიას სიტყვა მოეწონა. ნათიას კი ეშინია, რომ ამნისტიის შემდეგ სახელმწიფოსთვის უფრო მარტივი იქნება უარი თქვას კობას და სხვა დაშავებულების მკურნალობაზე, თანაც მათ დიდ ნაწილს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს. სახელმწიფო არ აღიარებს რომ 51 წლის კობა ლეთოდიანმა მხედველობა იმიტომ დაკარგა რომ სპეცრაზმელის რეზინის ტყვია მოხვდა თვალში. დაზარალებულის სტატუსის გარეშე მკურნალობის დაფინანსებას კეთილი ნება ქვია. ასეც აუხსნა ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ ნათიას 20 ივნისიდან მალევე, როცა მ დაშავებულების მკურნალობას ფონდი “ქართუ” აფინანსებდა, ვინაიდან სახელმწიფოს ამგვარი ვალდებულება არ გააჩნდა.

კობა ლეთოდიანი, 2020 წელი, ივნისი
კობა ლეთოდიანი, 2020 წელი, ივნისი

კობამ დაზიანებული თვალის მკურნალობა ისრაელში დაიწყო. თბილისიდან ისე წავიდა, 20 ივნისს მოხვედრილი ტყვიები ისევ სხეულში ჰქონდა, აქ ექიმებს შეეშინდათ ამოღებისას გამოუსწორებელი ზიანი არ მიეყენებინათ. მათი მკურნალობის პროცესი, ვინც პირველად ისრაელში წავიდა სამკურნალოდ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გართულდა და დროში გაიწელა, სახელმწიფო ალტერნატივად გერმანიას სთავაზობდა, რაც კობამ არ ისურვა. ვინც მისცა თვალში სინათლის დაბრუნების იმედი, იმ ექიმთან უნდა რომ დაბრუნდეს. ახლაც არ იცის ზუსტად როდის შეძლებს გამგზავრებას კლინიკაში - ისრაელი აუცრელ ვიზიტორებს არ იღებს, საქართველოში ვაქცინის პირველ დოზაზე რეგიტრაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.

გიორგი ბულისკერია და ლალი ნანავა

გიორგი ბულისკერიას 20 ივნისის ღამეს თვალში მოხვედრილმა ტყვიამ ნერვი დაუზიანა. თვალი გადარჩა, მხედველობა ვერა, თუმცა ამას რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდა, თავიდან იმედი ჰქონდა, რომ მხედველობასაც გადაურჩენდნენ ექიმები. გიორგი საქაერონავიგაციაში მუშაობს და მისთვის მყარი ჯანმრთელობა ამ სამსახურის შესანარჩუნებლადაც მნიშვნელოვანი იყო. 20 ივნისის აქცია მისთვის პირველი საპროტესტო აქცია იყო. ამ დრომდე მის ტრავმულ გამოცდილებაზე დედა ლაპარაკობს.

“იმ პოზიციაზე რაზეც მუშაობდა, ცალი თვალით მუშაობა გამორიცხულია. ახლა უფრო დაბალ პოზიციაზე მუშაობს ნაკლები დატვირთვით და შესაბამისად, ნაკლები ანაზღაურებით. აწყობილი ცხოვრება ჰქონდა. საფრანგეთშიც იყო წასული სასწავლებლად დაფინანსებით, უბედნიერესი იყო, მოწონდა ის, რასაც აკეთებდა. ვერ ვეგუები იმას რაც მოხდა. ხალხს უარესიც ემართება, მაგრამ ხომ გააჩნია რის გამო. ჩემი გიორგი იქ რომ მივიდა მივიდა, სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აფუჭებდა, რა საჭირო იყო საერთოდ ამ ტყვიების გამოყენება. რის გამო დარჩა ჩემი შვილი სამუდამოდ ერთი თვალით” - კითხულობს გიორგის დედა, ლალი ნანავა. ლალი აფხაზეთიდან დევნილია. გიორგი 2 წლის და გიორგის და თვეების იყო, როცა ლალი იძულებული გახდა სახლი და ყველაფერი მასთან ერთად დაეტოვებინა. “მხოლოდ გვარ-სახელის მეტი არაფერი გამოგვყოლია, ისე ჩამოვედით აქ ტიტვლები” - ასე აღწერს დევნილობის დასაწყისს და ამატებს, გიორგის ამბავი უფრო რთულად გადავიტანე, მტრისგან ომი ვის უკვირს, შენი ხელისუფლება რომ თვალს თხრის შენ შვილს რუსის გამო, ეგ არის უბედურებაო.

გიორგის დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. ლალი ამბობს, რომ გამოძიებას აქვს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მას ტყვია მაშინ, როცა დაშავებულ ქალს ეხმარება უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლაში. ლალის ეს კადრები არ ანახეს, უფრთხილდებიან, ისედაც ბევრს ნერვიულობს შვილის გამო, მაგრამ ის კი უთხრეს, რომ ამ კადრებში ჩანს რომ გიორგის რეზინის ტყვიები სახის გარდა, ტანზეც ხვდება.

“მსგავსი არაფერი მინახავს. ადარებენ 7 ნოემბერს, 26 მაისს, საფრანგეთს, ამერიკას, ათას რამეს. ასეთი რამ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას დამიზნებით თვალში ესროდნენ ტყვიებს, მე არ ვიცი. მადლობა ღმერთს, რომ ის წითელი ტყვია არ მოხვდა, რაც სხვებს მოხვდა თვალში.

შენი ხელისუფლება რომ გაგიკეთებს ამას, როგორ უნდა აპატიო. მე დღესაც დავტოვებდი საქართველოს და წავიდოდი, გიორგი რომ წამომყვებოდეს” - ამბობს ლალი ნანავა.

დათო ქურდოვანიძე

დათოს დაზარალებულის სტატუსი “გავრილოვის ღამიდან” თითქმის ორი წლის შემდეგ, 11 ივნისს მიანიჭეს. ამ სტატუსის მისაღებად მას ორი მარტივი პროცედურის გავლა ჭირდებოდა: ექსპერტიზის დასკვნა, რომ თვალი ნამდვილად ისე აქვს დაზიანებული რეზინის ტყვიით, რომ მასში მხედველობა აღარ აღდგება და საკუთარი თავის ამოცნობა ვიდეოში, სადაც ჩანს როგორ ხვდება ტყვია სახეში გამთენიისას, როცა აქცია უკვე დაშლილი იყო და ის არა პარლამენტთან, არამედ ოპერასთან აქციის სხვა მონაწილეს ეხმარებოდა. დათომ 11 ივნისს, პროკურატურაში მისვლამდე არ იცოდა, რომ ასეთი ვიდეოჩანაწერი არსებობდა და ის გამოძიებას ჰქონდა, ექსპერტიზის პასუხს კი ერთი წლის განმავლობაში ელოდა.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე 6 ოპერაცია ჩაიტარა, ორი კიდევ წინ აქვს. ჯერ არ იცის ეს 8 ოპერაცია იქნება თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ მისმა დაზიანებულმა თვალმა “ნორმალური” ფორმა მიიღოს, სამაგიეროდ იცის ის, რომ ამ თვალში სულ ექნება ყრუ ტკივილი, რომელაც უნდა მიეჩვიოს, ასე უთხრეს ექიმებმა.

“მაგრად დავიღალეთ. მეც და სხვებიც. იმდენი ხანი იწელება ყველაფერი, გინდა სამართლებრივად და გინდა ექიმებთან, მარტო ის გინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი. თან ყველა [პოლიტიკოსი] სულ 20 ივნისსზე ლაპარაკობს, მანიპულირებენ ამ 20 ივნისით, ხან იმას მოაწერეს ხელი, ხან ამას, ვაჭრობენ ამ თემით და ნერვებიც გეშლება.

წესიერი კომპენსაცია რომ მოგვცემ, დამნაშავეები დაისაჯონ, სახელმწიფოს აღიაროს ჩადენილი დანაშაული და აიღოს ვალდებულება, რომ სანამ საჭირო იქნება, მანამ გვიმკურნალებს - საერთოდ აღარ ვილაპარაკებდი 20 ივნისზე, მაგრამ ეს არ უნდათ და ისე, რომ დავიღალეთ, გავჩუმდით და ვიღაცას შერჩება როგორც მოგვექცა, ეგრე არ ვიზამთ” - ამბობს დათო. მას სწავლა 20 ივნისის შემდეგ არ შეუწყვეტია, თუმცა წუხს, რომ ისე ვეღარ სწავლობს, როგორც მანამდე. ბოლო რამდენიმე თვეა იქვე მუშაობს, სადაც სწავლობს - ილიას უნივერსიტეტში. მანამდე კურიერად მუშაობდა, სკუტერით დადიოდა და მიხვდა, რომ ყოველი გასვლისას სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ცალი თვალით სკუტერის ტარებაც რთულია და მანქანისაც, არც სხვა რამეებია მარტივი.

“მაგრად წვალობ. შრომისუნარიანობა თურმე დასაფასებელი ყოფილა. იმ ხარისხით ვეღარაფერს ვეღარ შვრები, როგორც მანამდე. სულ დაძაბული ხარ, ტკივილებიც გაქვს, განსაკუთრებით თუ დაიღალე” - წუხს დათო. ყველაზე საიმედოდ მას ახლა სტრასბურგის სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გაგზავნილი სარჩელის გამოძიების შედეგები ესახება. საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და პოლიტიკოსების სხვა ინიციატივებს ეჭვის თვალით უყურებს.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

მაკოს, კობას, გიორგის, დათოს გარდა არიან სხვა დაშავებულებიც - ნაწილი თვალის დაზიანებით, ნაწილი დაკარგული მხედველობით, ნაწილი თავის ქალის და სახის დაზიანებებით. დაშავებულთა ნაწილი ორი წლის შემდეგაც თავს იკავებს საჯაროდ საუბრისგან. დაშავებულთა მკურნალობას 2020 წლამდე ფონდი “ქართუ” აფინანსებდა, 2021 წლიდან მკურნალობის ხარჯების დაფარვა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG