Accessibility links

site logo site logo

"ტოცილიზუმაბის" განაწილებას სამინისტრო ეცდება - ეკატერინე ტიკარაძე


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ ფასი უკვე სტაბილურია და კლინიკებს მისი შეძენა შეუძლიათ. საუბარია იმუნოდეპრესიულ საშუალებაზე, რომელიც COVID-19-ის მწვავე ფორმების მკურნალობისთვის გამოიყენება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება, ეს პრეპარატი კლინიკებში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდეს.

„"ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა. ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეზღუდვას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება. დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება“, - განაცხადა ტიკარაძემ, ქუთაისში ყოფნისას, ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" დეფიციტთან დაკავშირებით.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ფეისბუკზე გუშინ, 15 აგვისტოს, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა პრეპარატთან დაკავშირებით არსებული დეფიციტის მიზეზები და განაცხადა, რომ მედიკამენტი საქართველოში 16 აგვისტოდან შემოვა.

„ბოლო დღეებში "ტოცილიზუმაბზე" მკვეთრად და ერთბაშად გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით ამ მედიკამენტის ქვეყანაში არსებული რაოდენობა პრაქტიკულად ამოიწურა და შეიქმნა დროებითი დეფიციტი. ხვალ, 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ "ტოცილიზუმაბის" დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების განმავლობაში იგი ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, სამინისტრო და მომწოდებელი იღებენ ქმედით ზომებს, რათა ქვეყანაში შესაძლოდ მოკლე დროში შემოტანილ იქნას "ტოცილიზუმაბის" ისეთი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას ამ მედიკამენტზე, მაგრამ ეს არ იქნება იოლი, ვინაიდან მედიკამენტი დეფიციტურია მსოფლიო ბაზარზე“, - დაწერა თენგიზ ცერცვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG