Accessibility links

site logo site logo

სახელმწიფო აუდიტი: გაუგებარია, რაში გასცა 585 მილიონზე მეტი გრანტი მთავრობამ


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017−2019 წლებში გაცემული გრანტების აუდიტის მიხედვით, გაუგებარია, როგორ შეუწყო ხელი ორ წელიწადში გაცემულმა გრანტებმა ქვეყნის განვითარებას და იმ მიზნების მიღწევას, რაც მთავრობამ 2019-20 წლებში დაამტკიცა.

თანხები ასე განაწილდა:

სოფლის მეურნეობა − 366,345,000 ლარი
განათლება − 122,378,000 ლარი
„აწარმოე საქართველოში“ − 90,352,000 ლარი
ინოვაციები და სტარტაპები − 6,552,000 ლარი


აუდიტმა სახელმწიფო გრანტის მიმღები რვა ორგანიზაცია შეამოწმა და დაადგინა, რომ გრანტები საბაზრო ფასებისა და საჭიროებების შეუფასებლად დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტებმა მიიღეს.

მაგალითად, გრანტი მიიღო სოფლის განვითარების სააგენტომ, რომელმაც ჩაის წარმოების და გადამუშავების პროექტი ისე დაიწყო, რომ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. საბოლოოდ, პროექტის 35 ბენეფიციარიდან 19-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა, 2020 წლიდან კი სააგენტომ საერთოდ მოუხსნა ბენეფიციარებს ვალდებულებები, თავი კი „ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებით” იმართლა, თუმცა აუდიტმა ამის მტკიცებულება ვერ მოძებნა.

მთლიანობაში, ორგანიზაციები საგრანტო თანხებს ან არამიზნობრივად ხარჯავდნენ, ან სათანადოდ არ აკონტროლებდნენ ბენეფიციარი კომპანიების ხარჯებს.

ინოვაციების სააგენტომ, რომელმაც 2017-2019 წლებში გრანტების სახით 6,552,000 ლარი მიიღო, 335,040 ლარით მეტი დახარჯა ხელფასებში. ინოვაციების სააგენტომ ცალკეულ შემთხვევებში შესყიდვა გაუფორმა კომპანიებს, რომლებიც საკონკურსო ვაჭრობაში არ მონაწილეობდნენ.


გრანტების სახით სახელმწიფოსგან ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში” იღებს - ორ წელიწადში 90,352,000 ლარს. პროგრამამ „აწარმოე საქართველოში”, რომელიც ბენეფიციარ კომპანიებს ნაწილობრივ უფინანსებს სესხს და ეხმარება საქმიანობის დაწყებაში, სათანადოდ არ გააკონტროლა სესხის მიზნობრივი ათვისება. ფაქტობრივად, პროგრამის ბენეფიციარებს ეძლევათ საშუალება, ულიმიტოდ ისარგებლონ პროგრამის თანხებით, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს გრანტის გაცემას შვილობილ კომპანიებზე.

მაგალითად, შპს „ნიუ როად ჯგუფმა” თითქმის ამოწურა 5,000,000-ლარიანი სალიზინგო ლიმიტი, როცა 4,690,642 ლარი დახარჯა. კომპანიამ დააფუძნა შვილობილი კომპანია, რომელთანაც დაფუძნებიდან 14 დღეში გაფორმდა 2,911,130 ლარის ღირებულების ლიზინგის ხელშეკრულება.

გრანტის მიმღებები გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებასაც არ ჩქარობდნენ - ახალგაზრდობის სააგენტოს მონიტორინგით გამოვლენილ დარღვევებზე არ გამოუყენებია ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილება. კოოპერატივების სააგენტოს კი დარღვევებზე რეაგირების დოკუმენტაცია აკლდა. სოფლის სააგენტომ მონიტორინგი 36 თვის განმავლობაში, მხოლოდ პირველ წელს ჩაატარა.

რვა ორგანიზაციიდან ექვსს გრანტით მიღწეული შედეგები საერთოდ არ შეუფასებია, ამიტომ ბუნდოვანია, რაში დაიხარჯა 5,85 მილიონზე მეტი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ყოველივე ზემოაღნიშნული ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრებით გაცემული გრანტების ეკონომიური, გამჭვირვალე და სამართლიანი განაწილების პრინციპების დაცვას”,
- ნათქვამია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG