Accessibility links

site logo site logo

სომხეთი: აზერბაიჯანის საზღვართან სროლას ემსხვერპლა სომხეთის სამხედრო ოფიცერი


სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებით, აზერბაიჯანის საზღვართან სროლის შედეგად დაიღუპა სომხეთის სამხედრო ოფიცერი, იმ ფონზე, როცა ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა მაღალი რჩება, მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშან მომხდარი ომის შემდეგ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეტაკება მოხდა 16 აგვისტოს და გამოწვეული იყო აზერბაიჯანის ძალების "პროვოკაციით", როცა მათ სცადეს პოზიციების გაღრმავება სომხეთის ტერიტორიაზე, ერასხის მონაკვეთზე - საზღვარზე სომხეთსა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავს შორის, რომელიც სომხეთსა და ირანს შორის არის მოქცეული.

სამინისტრო დასძენს, რომ ერთი დღით ადრე მისმა ძალებმა შეძლეს მოგერიება აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებისა, რომლებიც, სამინისტროს ცნობით, ცდილობდნენ სომხეთის სიუნიკის რეგიონში შესვლას, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 15 აგვისტოს ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს ნახიჩევანის რეგიონის სადარაკის მონაკვეთში და დასძენს, რომ აზერბაიჯანის სამხედროთა შორის მსხვერპლი არ არის. სამინისტრო ასევე ამბობს, რომ სომხეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ შუშაში განთავსებულ პოზიციებსაც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი დაძაბულობა შარშან ომში გადაიზარდა მთიანი ყარაბაღის გარშემო - რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, თუმცა მას ადრეული 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელებულ ბრძოლას ემსხვერპლა 6000-მდე ადამიანი. ბრძოლა დასრულდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომლის თანახმადაც მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო შვიდი ოლქი აზერბაიჯანის ადმინისტრაციას გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG