Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მუნიციპალიტეტში აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება


რეგისტრაციის გარეშე აცრის კაბინეტები უკვე მოქმედებს გორის მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ლოკაციაზე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც განთავსებულია ვაქცინაციის პუნქტები, უკვე შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება. ეს ეხება როგორც საავადმყოფოების ვაქცინაციის კაბინეტებს, ასევე ამბულატორიებში ამოქმედებულ ამცრელ პუნქტებსაც. რაც შეეხება ვაქცინის სახეობებს, სპეციალურ პორტალზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა წარმოებს როგორც „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. აქვე აღვნიშნავ, რომ მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად, ძალზე მნიშვნელოვანია იმ დამატებითი შეზღუდვების მაქსიმალურად დაცვა, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღო საკოორდინაციო საბჭომ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

გორის მუნიციპალიტეტის ორი თემის, ნიქოზისა და ტყვიავის ამბულატორიებში უკვე გახსნილია ვაქცინაციის კაბინეტები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ, 15 აგვისტოს, აიცრა 14 784 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 806 681 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 238 871.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 484 254 შემთხვევა. მათგან 425 651 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6436 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG