Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთის ახალი მთავრობა უნდა იყოს ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი


გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო განცხადება ავღანეთის შესახებ. საბჭოს მოწოდებაა ძალადობის შეწყვეტა და უსაფრთხოების და სამოქალაქო და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

გაეროს უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობა უნდა იყოს ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი, მათ შორის ქალების მონაწილეობით.

განცხადებაში საუბარია ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების აუცილებლობაზეც. უშიშროების საბჭო კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჰუმანიტარულ დახმარებაზე სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ავღანეთში გლობალური ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დასაცავად. გუტერეშის თქმით, მას განსაკუთრებით აშფოთებს ცნობები ქალების და გოგონების უფლებათა გახშირებული დარღვევების შესახებ. გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანელი ხალხი ბედის ანაბარა არ უნდა დატოვონ.

გუტერეშმა მსოფლიოს სახელმწიფოებს მიმართა, მიიღონ ავღანეთიდან ლტოლვილები და შეაჩერონ მიგრანტების დეპორტაცია. გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანეთში გაეროს შემდგომი მუშაობა დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების მხრივ არსებულ სიტუაციაზე. ანტონიუ გუტერეშის თანახმად, ავღანეთში გაეროს პერსონალს და ობიექტებს ჯერჯერობით პატივისცემით ეპყრობიან.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა", რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბების დაბრუნების გამო ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს ათასობით ავღანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG