Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი "ამნისტიას" აცხადებს, ქაბულის აეროპორტი გაიხსნა ევაკუაციისთვის


თალიბანის წარმომადგენლებმა საყოველთაო "ამნისტია" გამოაცხადეს ყველა ავღანელისთვის, იმ ფონზე, როცა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ქაოსის შემდეგ განახლდა საევაკუაციო ფრენები დიპლომატებისთვის და იმ სამოქალაქო პირებისთვის, რომელთაც თალიბანის მმართველობა აშინებს.

17 აგვისტოს დილით ქაბულის ქუჩებში სიმშვიდე იყო, აეროპორტში ვითარება გაუმჯობესდა და რეისების განხორციელება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ფრენები შეწყდა, როცა ათასობით შეშინებული ავღანელი აეროპორტს მიაწყდა ქვეყნის დატოვების მიზნით. ავღანელთა ნაწილი გაურბის თალიბანს, რომელმაც დედაქალაქი დაიკავა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მისი მთავრობა დაემხო.

გავრცელებული ცნობებით, აეროპორტში შექმნილ ქაოსს ემსხვერპლა სულ მცირე შვიდი ადამიანი. უცნობია, მათი სიკვდილი ცეცხლსასროლმა იარაღმა გამოიწვია თუ ჭყლეტამ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 17 აგვისტოს ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელზეც განიხილავენ საევაკუაციო გეგმებს და ავღანეთში შექმნილ ზოგად ვითარებას.

თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების გამო ავღანელებს შორის გავრცელდა შიში, რომ მათ, ვინც მთავრობისთვის ან დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციებისთვის მუშაობდა, თალიბანისგან სასჯელი ელის. სააგენტო ასოშიეიტედ პრესი ავრცელებს თალიბანის განცხადებას, რომ ჯგუფმა საყოველთაო ამნისტია შემოიღო მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის და მოუწოდებს მათ, სამუშაოს "სრული თავდაჯერებით" დაუბრუნდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG