Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" რუსეთში აღრიცხავს 410 პოლიტპატიმარს


მოსკოვში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" აცხადებს, რომ რუსეთში პოლიტპატიმართა რიცხვი სულ მცირე 410 ადამიანამდე გაიზარდა.

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსეთის ამ წამყვანმა ორგანიზაციამ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელშიც წერს, რომ ეს არის "მხოლოდ მინიმალური შეფასება" იმ პოლიტპატიმრების რიცხვისა, რომლებიც ციხეში ან შინაპატიმრობაში არიან.

"ეჭვგარეშეა, რომ სინამდვილეში არის გაცილებით უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი და სხვა პირი, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან პატიმრობაში", - აცხადებს ორგანიზაცია.

აღრიცხული შემთხვევებიდან 329 პირს თავისუფლება აღუკვეთეს რელიგიის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის, 81-ს კი - პოლიტიკური მიზეზებით.

წლის დასაწყისში "მემორიალის" პოლიტპატიმართა სია 349 პირს მოიცავდა.

ყველაზე ცნობილი ახალი პოლიტპატიმარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნია, რომელიც იანვარში დააპატიმრეს, გერმანიაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებისას. ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა ნერვული აგენტით მოწამვლის შედეგებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დავალებით მოწამლეს. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

"მემორიალის" თქმით, ნავალნისთან ერთად, პოლიტპატიმარია კრემლის კიდევ ბევრი კრიტიკოსი, ისევე, როგორც ჟურნალისტები სტუდენტური ჟურნალიდან Doxa, რომლებიც აშუქებდნენ ნავალნის დაპატიმრების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.

სიას დაემატნენ ასევე აქტივისტები და სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების პოტენციური ოპოზიციური კანდიდატები.

XS
SM
MD
LG