Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის მინისტრი: პირველი საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზად არის პაციენტების მისაღებად


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დიღმის საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტები.

„თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არა საველე პირობებში გადმოვინაცვლოთ, არამედ დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალურად მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან, ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილი არ ყოფილა იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, - უთხრა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც დღეს იმყოფებოდა დიღმის ოლიმპიური ბაზის ფრენბურთის დარბაზში მოწყობილ, 500 პაციენტზე გათვლილ პირველ საველე ჰოსპიტალში.

ჯანდაცვის მინისტრმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საველე ჰოსპიტალში განთავსებული ჟანგბადის ავზები შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს:

„ამ ტერიტორიაზე მოთავსებული არის ორი, ხუთტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც არაერთი მედიაშარჟი გავრცელდა, რომ თითქოს, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და გარკვეულ რისკებს შეიცავენ, მაგრამ გადამოწმებულია ეს ინფორმაცია და ჩვენ ვადასტურებთ, რომ არანაირ რისკს ამ ავზების მონტაჟი არ შეიცავს“.

ტიკარაძის თანახმად, ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში იმუშავებენ, სრულად არიან გადამზადებული და აქვთ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევა. მინისტრის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი შეძლებს როგორც საშუალო სიმძიმის, ისე მძიმე პაციენტების მიღებას, რადგან აჭურვილია როგორც ინტენსიური, ისე რეანიმაციის ტიპის საწოლებით.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასამდე კოვიდპაციენტის მიღება შეუძლია. 18 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 57 312 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 7029;
  • კლინიკურ სასტუმროში - 3450.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე ტალღაა. ეპიდემიის წინა, მწვავე ეტაპებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი. დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 56 878 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5914 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG